თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი რიყეთის ტყეში ხანძარია, იუწყება ინტერნეტ-გამოცემა „ბათუმელები".
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.
„ცეცხლის ღია კერა არ არის, ესაა მხრჩოლავი დაკვამლიანება, სიტუაცია კონტროლს სრულიად ექვემდებარება, მოსახლეობაზე გადასვლის საფრთხე არ არის“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში.
ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების სამი ჯგუფი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონების ტყეებში ორი დღის განმავლობაში ხანძარი მეოთხედ გაჩნდა. დღეს ხანძარი გაჩნდა ასევე მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს ტყეში სამ ადგილზე. ცეცხლი უკიდია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის და ეცერის მახლობლად მდებარე ტყესაც.