თალაკვაძე: ოპოზიციამ კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კვლავ ძალაშია გადაწყვეტილება, რომ პროპორციული წესით არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე. 

სუბარი: ბუნებრივია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გადაიხდის გარკვეულ პოლიტიკურ ფასს

დღეს შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმებმა წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტის შენობის წინ გამართული აქცია დაშალეს. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 18 პირია დაკავებული.

თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის მიერ გასულ კვირაში მიღებულ გადაწყვეტილებას თანამოქალაქეების ერთი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა, ის, რასაც ადგილი ჰქონდა, არაკონსტიტუციურია.

„რა თქმა უნდა, მათ აქვთ მშვიდობიანი პროტესტის, მანიფესტაციის და შეკრების უფლება, ეს უფლება განუხრელად იყო დაცული და განუხრელად იქნება დაცული მომავალშიც... მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში. კერძოდ, საუბარი მაქვს პარლამენტის და სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებაზე და იმ აქტივობებზე, რომელიც ინსტიტუტების ბლოკირების მიზნით ვითარდებოდა. ეს სცდება საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების ფარგლებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯომარემ.

არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ის ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა, რომელიც პარლამენტის ჭიშკარზე აქციის მონაწილეებმა დაკიდეს. როგორც მან აღნიშნა, ის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ბოქლომს უბრუნებს. 

რას ფიქრობენ პოლიტიკოსები ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაშლაზე

„სამწუხაროდ, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა პირდაპირ ეთერში ბოქლომები დაადეს პარლამენტის ჭიშკრებს. ესენი არიან ადამიანები, ვინც თავის დროზე ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ბოქლომი დაადეს მედიას, ბოქლომი დაადეს კერძო საკუთრებას, ბოქლომი დაადეს ინსტიტუტებს და ქვეყნის თავისუფლების იდეას... ისინი დღეს ცდილობდნენ იგივეს, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტზე, ამიტომ მე მინდა სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო მათ ის გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც გამოხატავს მათ მიდგომას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კვლავ ძალაშია გადაწყვეტილება, რომ პროპორციული წესით არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.

ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კარვების, ქვიშის ტომრებისა და ცეცხლის დასანთებად საჭირო კასრებისგან გაწმენდილია, ამასთან გახსნილია რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი.

პარლამენტის შენობასთან კვლავ რჩებიან ოპოზიციის ლიდერები და მათი მომხრეები.