ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა" ევროპის ჩემპიონია

ბათუმური კლუბის მოჭადრაკეები უკვე მეოთხედ გახდნენ უძლიერესნი ევროპაში და ამ მაჩვენებლით კონტინენტზე მეორე ადგილი უკავიათ.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის ქალთა საჭადრაკო კლუბი „ნონა" ევროპის კლუბური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩემპიონატი მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში გაიმართა.

ფინალურ ტურში „ნონამ" ყაიმით დაასრულა შეხვედრა რუს სპორტსმენებთან – სანქტ-პეტერბურგის ჭადრაკისა და შაშის სპორტული სკოლის წარმომადგენლებთან. სულ ბათუმის კლუბმა შვიდი მატჩი ჩაატარა. აქედან „ნონამ" ოთხჯერ გაიმარჯვა, ხოლო სამი ყაიმით დასრულდა.

მთლიანობაში ქართველმა მოჭადრაკეებმა 11 ქულა დააგროვეს.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა უკრაინულმა გუნდმა Kyiv Chess Federation (10 ქულა), ხოლო მესამე – გუნდმა მონაკოდან Cercle d'Echecs (10 ქულა). სულ ევროპის ჩემპიონობისთვის 14 გუნდი იბრძოდა.

მონტენეგროში გამართულ ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ბათუმის კლუბის ორი მუდმივი წევრი – ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია, ასევე საქართველოს ნაკრების მოწვეული მოჭადრაკეები – ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი.

„ნონა" ევროპის კლუბური ჩემპიონატის გამარჯვებული უკვე მეოთხედ გახდა. ამ მაჩვენებლით გუნდს მეორე ადგილი უკავია. კლუბურ პირველობაში ყველაზე მეტი გამარჯვება აქვს მონტე-კარლოს გუნდს.