თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, დიდუბის რაიონში საახალწლო ილუმინაციის მონტაჟის გამო 19 ნოემბრის ღამეს ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
კერძოდ, შეზღუდვები ამოქმედდება ორშაბათს, 23:00 საათიდან სამშაბათის დილის 07:00 საათამდე გრიგოლ რობაქიძის გამზირზე.
ქალაქის საახალწლოდ მორთვას კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
თბილისის მერიამ ახალი წლის სამზადისისთვის 2,8 მილიონი ლარი გამოყო – თბილისი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით, განათებითა და დეკორაციებით შეხვდება.
25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხის ღირებულება 304,8 ათასი ევროა, სხვადასხვა აქსესუარები და ახალი განათებები კი 525 ათასი ევრო დაჯდება.
ახალი ნაძვის ხე და დეკორაციები – თბილისი ახალი წლისთვის ემზადება >>
ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ მსხვილ კომპანიებს დედაქალაქის საახალწლო ღონისძიებებში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.
თბილისის ცენტრში საახალწლო დღესასწაულის დროს ტრადიციულად გაჩნდება „საახალწლო სოფელი". გასულ წელს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა კონცერტები, კოსტიუმირებული შოუ-წარმოდგენები, საახალწლო ფილმების ჩვენებები და ბაზრობა.