როგორ ჩაიარა ახალი საპროტესტო ტალღის პირველმა ღამემ თბილისში

თბილისის გარდა აქციები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიმართა – ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.
Sputnik

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გაშლილ კარვებში ღამე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გაატარა.

კობახიძე: შესწორებები კონსტიტუციაში ხელახლა აღარ განიხილება>>

ხუთშაბათს, დილიდან აქცია ახალგაზრდულმა საპროტესტო მოძრაობამ „სირცხვილია" დაიწყო – ჯერ მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ოფისის წინ, შემდეგ – პარლამენტთან. მოგვიანებით, როდესაც დეპუტატებმა ვერ შეძლეს შესწორებების მიღება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, აქცია მასშტაბური გახდა.

მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს - ვიდეო

პროტესტის ახალი ტალღა

შედეგად, ხუთშაბათს, საღამოს პარლამენტის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეთა შორის იყვნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები. აქციაზე მივიდა ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ დემონსტრანტების გვერდით იდგება ბოლომდე.

მოგვიანებით ახალგაზრდული მოძრაობის წევრთა ნაწილი პოლიციის თანხლებით „ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ გაემართა. მისი რეზიდენციის კედელზე დემონსტრანტებმა უზარმაზარი ასოებით დაწერეს სიტყვა „შეცვალე".

რა იქნება მომავალში?

ამჟამად ცნობილია, რომ რუსთაველის გამზირი დაკეტილია. მომიტინგეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მხოლოდ პროპორციული სისტემით, დროებითი მთავრობის პირობებში.

დემონსტრანტები რუსთაველის გამზირიდან ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან

საპროტესტო გამოსვლები თბილისის ცენტრში პარასკევს, საღამოს 7 საათზე განახლდება. მანამდე აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას თავიანთ გეგმებს გააცნობენ. ცნობილია, რომ დემონსტრანტები მასშტაბურ აქციას კვირისთვის ამზადებენ.

მიტინგები მოეწყო ასევე ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. დემონსტრანტებმა ქუთაისში საჯაროდ დაწვეს იმ დეპუტატების სია, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს.

მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გააგრძელებენ კონსულტაციებს ერთმანეთთან.