გიორგი გახარია: ქვეყანას პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლიდან ექნება 

საქართველოს პრემიერ- მინისტრი გახარია პარტია „ქართული ოცნების“  ოფისში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა.
Sputnik

 

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდებოდა პროცედურები, რომელიც სამწუხაროდ, ამ საკანონდებლო ცვლილებამ ვერ გაიარა, განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ  მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ. 

მოემზადეთ კონსტრუქციული არჩევნებისთვის: არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებს მიმართა

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. ნულოვანი ბარიერის პირობებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჯერ კიდევ ზაფხულში დათანხმდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ზეწოლით. თუმცა, სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობა ამის წინააღმდეგი იყო. მიუხედავად პარტიის ლიდერების თხოვნისა, მათ ხუთშაბათს კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. 

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ხელისუფლება სიცრუეში დაადანაშაულეს და მასშტაბური საპროტესტო მოძრაობა წამოიწყეს.

„ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, პროპორციული საარჩევნო სისტემა არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. ვთვლი, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მივიღეთ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც გვინდოდა განხორციელებულიყო, თუმცა, ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ დანაპირებს ჩვენ შევასრულებთ და ამ დანაპირების შესრულება ჩვენ კონსტიტუციაში გვიდევს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, როგორც საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პარტიის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებთან 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი განიხილეს, რომელიც პარლამენტში მეორე მოსმენით უკვე  გავიდა. 

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: ევროკავშირისა და აშშ-ის რეაქცია

 „როგორც თქვენთვის ცნობილია, 2020 წლის ბიუჯეტი მეორე მოსმენით გავიდა. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ცხოვრების პოლიტიკური პროცესის განმავლობაში, ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს. ამიტომ ჩვენ დღეს ვისაუბრეთ 2020-ის ბიუჯეტზე. იყო გარკვეული შეკითხვები, განსაკუთრებით მაჟორიტარების მხრიდან. ჩვენ ამ შეკითხვებზე გავეცით პასუხი, ავუხსენით ბიუჯეტის შინაარსი, მისი სტრუქტურირების არსი. ვიმსჯელეთ მხოლოდ ბიუჯეტზე რამდენიმე მიზეზის გამო. ბიუჯეტი არის ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 5 ნოემბერს ხელმეორედ წარუდგინა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, პარლამენტისთვის ხელმეორედ წარსადგენად მომზადებული ბიუჯეტის პროექტი არსებითად არ განსხვავდება თავდაპირველი ვერსიისგან, რომელიც 1 ოქტომბერს იქნა წარდგენილი.

ამჟამად საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია იმყოფება და ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წლის შემოსავლების, ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შესრულებას აანალიზებს. შესაბამისად, ამ ეტაპზე გადაწყდა ბიუჯეტის პროექტის შინაარსის განახლება პარლამენტისთვის მისი მესამედ წარდგენის მომენტისთვის, ანუ არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.

როგორ გადანაწილდა ბიუჯეტი

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 14,2 მილიარდი ლარის დონეზე, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა – 13 მილიარდი ლარის დონეზე, დონორების მხრიდან დაფინანსება კი – 1,2 მილიარდი ლარის დონეზე.

2020 წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, მიმდინარე წლის მაჩვენებელთან შედარებით, 382,6 მილიონი ლარით მოიმატებს და 4,3 მილიარდ ლარს გაუტოლდება, ანუ ასიგნებების საერთო მოცულობის 30,6% იქნება.