საზკვების 45 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში 976 დოკუმენტური შემოწმება და 229 ინსპექტირება განხორციელდა.
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზკვების 45 ობიექტში დარღვევები აღმოაჩინა, ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს სპეციალისტებმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში 976 დოკუმენტური შემოწმება და 229 ინსპექტირება განახორციელეს.

გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო 45 ბიზნეს-ოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გამოვლინდა ქვემო ქართლის, აჭარის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებში.

რას ვჭამთ: ბათუმის ბაზრიდან 98 კგ ფრინველის ხორცი ამოიღეს

„კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა სააგენტოს მიერ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის და ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტებთან დაკავშირებით, კერძოდ, სურსათი დაილუქა და მის განადგურებაზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს", – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, იმ ბიზნეს-ოპერატორებს, რომლებმაც სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიცემული მითითებები გაითვალისწინეს, საწარმოო პროცესი უკვე აღუდგათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს კაფე-ბარებისა და რესტორნების, აგრეთვე სკოლების, საბავშვო ბაღების, ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებს.

კვლევები საზოგადოებრივი კვების და რეალიზაციის ობიექტებში 2017 წლის მარტიდან ტარდება.