თბილისი ბაროკოს ეპოქის მუსიკისა და ცეკვის ფესტივალს უმასპინძლებს

საქართველოს დედაქალაქი მთელი თვის განმავლობაში ბაროკოს ეპოქის კლასიკური მუსიკისა და ცეკვის ცენტრი გახდება
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. თბილისში 13 ნოემბრიდან ბაროკოს ეპოქის მუსიკისა და ცეკვის მასშტაბური ფესტივალი დაიწყება, რომელსაც ევროპის საუკეთესო კლასიკური მუსიკოსები ეწვევიან, იუწყებიან ორგანიზატორები.

თბილისში უკვე იმყოფებიან მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები: დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია), სერჯო აცოლინი (ფაგოტი, იტალია), ბალაჟ მატე (ალტი, უნგრეთი), ჟოზეპ მარია მარტი დურანი (თეორბო, ესპანეთი), დანიელ გარაი მორაგუესი (დასარტყამი საკრავები, ესპანეთი), ანსამბლი Fuoco E Cenere (საფრანგეთი), გ. ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი და სხვ.

ღონისძიებების ძირითადი ნაწილი თბილისის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში და სამეფო უბნის თეატრში გაიმართება.

თბილისში მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები ჩამოვლენ

ფესტივალი მეხუთე საიუბილეო წელს ახალი პროექტით „ცეკვა ბაროკოს მუსიკაში და თანამედროვე ქორეოგრაფია" ხვდება. პროექტი ეხება ძველ, ახალ და ექსპერიმენტულ ხელოვნებას.

აღსანიშნავია, რომ მსახიობები ბაროკოს ეპოქის კოსტიუმებში წარდგებიან, რომელზეც ქართველი დიზაინერი უტა ბექაია მუშაობდა.

„18 და 19 ნოემბერს რუსთაველის თეატრში მაყურებელი მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ დადგმას „ძველი ცეკვები" ნახავს, 24-25 ნოემბერს კი სამეფო უბნის თეატრში თანამედროვე ბალეტ "ფოლიას". აღსანიშნავია, რომ პროექტი „ცეკვა ბაროკოს მუსიკაში და თანამედროვე ქორეოგრაფია" კონკურს "შემოქმედებითი საქართველოს" გამარჯვებული გახდა", - წერენ ორგანიზატორები.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში ხელოვნების ქართველი მოღვაწეები და ლიტერატორები სტუმრებისთვის შემეცნებით საუბრებს გამართავენ.

ყოველწლიური თბილისის ფესტივალი 2015 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტის" მიერ დაარსდა.