კენჭისყრა არჩევნებთან დაკავშირებით ისევ გადაიდო

მმართველი პარტიის ლიდერები იმედოვნებენ, რომ თავიანთ კოლეგებს პარლამენტში საარჩევნო რეფორმის 2020 წლის არჩევნებამდე ჩატარების აუცილებლობაში დაიყოლიებენ
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. დეპუტატებმა კვლავ გადადეს კენჭისყრა საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებებზე, რომელიც ითვალისწინებს უკვე 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ნულოვანი საარჩევნო ბარიერით.

„ცხელი სხდომა" და მაჟორიტარების გეგმები, ჩააგდონ საარჩევნო რეფორმა>>

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჯერ კიდევ ზაფხულში, თბილისში საპროტესტო აქციების ზეწოლით დათანხმდა. გუშინ გამოირკვა, რომ ბევრი მაჟორიტარი დეპუტატი მმართველი პარტიიდან რეფორმის დაჩქარების წინააღმდეგია.

„დაახლოებით 30-მა დეპუტატმა რომ არ დაუჭიროს მხარი დიდია იმის ალბათობა, რომ ჩავარდეს საკითხი", - განაცხადა „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

ამჟამად „ქართულ ოცნებას" პარლამენტში 150-დან 104 ადგილი აქვს, საკონსტიტუციო შესწორებების მიღებისთვის კი მას 113 ხმა სჭირდება. პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერენ ოპოზიციონერი დეპუტატები.

საქართველოს საარჩევნო რეფორმა ჩაშლის პირასაა?

კენჭისყრის ხუთშაბათისთვის გადატანის ინიციატივით მმართველი პარტია გამოვიდა.

ამ საკითხის მხარდაჭერა ოპოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ შესვენების შემდე სთხოვა. შესვენება პლენარულ სხდომაზე დამატებითი შიდაპარტიული კონსულტაციების ჩატარებისთვის გამოცხადდა.

კენჭისყრის მორიგი გადადება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციური პარტიებისა და უმრავლესობის ლიდერებთან შეათანხმა.

მაჟორიტარმა დეპუტატმა მცხეთის საარჩევნო ოლქიდან დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შესწორებები აუცილებლად ჩავარდებოდა.

როგორ მოხდება პარტიული სიების ფორმირება? „ქართული ოცნება“ კანონში ცვლილებებს ამზადებს

მოქმედი კანონით, 77 დეპუტატს ირჩევენ პარტიული სიებით, ხოლო 73-ს - მაჟორიტარულ ოლქებში.

„არავითარ შემთხვევაში არც პარტიის, არც გუნდის, არც პარტიის თავმჯდომარის წინააღმდეგ არავინ მიდის. ამიტომ ითხოვდნენ ისინი გადადებას, რომ შევჯერდეთ. ისინი ჩვენ დარწმუნებას ცდილობენ, მაგრამ რეალურად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ პროპორციული სისტემა არის უალტერნატივო ამ შემთხვევაში დღეს რომ ცატარებულიყო კენჭისყრა, პროექტი ჩავარდებოდა", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელია ხელისუფლებას საპროტესტო აქციებით დაემუქრა, თუ შესწორებები კონსტიტუციაში ჩავარდება. ამასთან, მან დასძინა, რომ იმისთვის არ დაბადებულა, რომ 24 საათი ქუჩაში იდგეს.