„ცხელი სხდომა" და მაჟორიტარების გეგმები, ჩააგდონ საარჩევნო რეფორმა

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ წინააღმდეგობები მმართველ პარტიაში 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით სხვა არაფერია, თუ არა სპექტაკლი
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ლიდერებმა ვერ შეძლეს რეფორმის მხარდაჭერაზე თავიანთი მაჟორიტარი დეპუტატების დაყოლიება, რომლებიც საარჩევნო სისტემის ცვლილებების უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედების წინააღმდეგ არიან.

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტის, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებას ითვალისწინებს, კენჭისყრა გადადო.

საქართველოს საარჩევნო რეფორმა ჩაშლის პირასაა?

კენჭისყრის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ მოულოდნელად რეფორმის წინააღმდეგ გამოვიდნენ მაჟორიტარი დეპუტატები მმართველი პარტიიდან. მათ განაცხადეს, რომ შერეული სისტემის გაუქმების, ანუ არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარების წინააღმდეგი არიან.

მოქმედი კანონით, 77 დეპუტატს ირჩევენ პარტიული სიებით, ხოლო 73-ს - მაჟორიტარულ ოლქებში.

„ვაგრძელებ ბრძოლას, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა იყოს ბევრი, რომ ჩვენ სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას საფრთხეები ავაცილოთ... ვემზადებით კანონპროექტის ჩასაგდებად", - განუცხადა ჟურნალისტებს მაჟორიტარმა დეპუტატმა მცხეთის ოლქიდან დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების" ოფისში სხდომის შემდეგ.

ვინ ვისთან ერთიანდება და ვის აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი>>

შეხვედრა პარტიის დამფუძნებლისა და ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

რეფორმის წინააღმდეგი მაჟორიტარი დეპუტატების არგუმენტებია სუსტი ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიტიკური ვითარების სავარაუდო დესტაბილიზაცია. ისინი თანახმა არიან ცვლილებებზე 2024 წლის არჩევნებისთვის, რათა იმ დროისთვის გაძლიერდეს თვითმმართველობა.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კანონპროექტი ჩააგდო

„ცხელი გამოვიდა სხდომა, რადგან თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ საუბარია, როგორ უნდა გააგრძელოს შემდეგი პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანამ – ეყოლება სტაბილური და ძლიერი ხელისუფლება, მთავრობა, თუ რყევადი, არაძლიერი, სუსტი ხელისუფლება", - აღნიშნა ხუნდაძემ.

მისი თქმით, შესწორებების წინააღმდეგ ბევრი დეპუტატი გამოდის, მაგრამ ივანიშვილმა მათ სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების ნება არ მისცა.

„არ დავმალავ საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო... იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა დაუჭერს მხარს კანონპროექტს, დავტოვებ უმრავლესობას", - აღნიშნა მაჟორიტარმა დეპუტატმა დედოფლისწყარო-სიღნაღის ოლქიდან ირაკლი შიოლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საარჩევნო მთავრობა თუ ვადამდელი არჩევნების პერსპექტივა>>

დეპუტატის მანდატზე საერთოდ უარის თქმისთვის არის მზად დეპუტატი ხობის მაჟორიტარული ოლქიდან ირაკლი (დაჩი) ბერაია.

„ვთქვი, რომ მხარს არ დავუჭერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ამის გამო ჩემი უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე დისციპლინური საკითხი თუ დადგება, უმრავლესობას არ დავტოვებ და დავტოვებ მანდატს", - განუცხადა ჟურნალისტებს ბერაიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიული სიის შედგენა დაიწყო

ივანიშვილის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ „ქართული ოცნების" ლიდერებმა ისაუბრეს.

„მათ აქვთ საკუთარი არგუმენტები, ჩვენ ვიცით ამ სისტემის რისკებიც და უპირატესობებიც. ამ უპირატესობების გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენ ამას უნდა მივყვეთ ბოლომდე და ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე", - განაცხადა „ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მთელი ეს სიტუაცია „ქართული ოცნების" ლიდერმა დაგეგმა.

„თუ ეს კანონი ჩავარდა, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის უკანასკნელი ტყუილი. წარმოუდგენელია, რომ ორი თვის წინ 93-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი და შემდეგ იმ ადამიანების ნაწილს ღირსების გრძნობა აღუდგა და თურმე ივანიშვილის საწინააღმდეგოდ პოზიცია გამოხატა. არ ხდება ასე, იქნება ის გადაწყვეტილება, რასაც იტყვის ივანიშვილი. ჩავარდება? - ეს იქნება მის მიერ მოწყობილი მორიგი კლოუნადა", - განაცხადა დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძემ.

არჩევნები აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სისტემით ჩატარდება

„ქართული ოცნება" არჩევნების შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან ამ ზაფხულში თბილისში საპროტესტო აქციების ზეწოლით დათანხმდა.

ამჟამად „ქართულ ოცნებას" პარლამენტში 104 ადგილი აქვს, საკონსტიტუციო შესწორებების მიღებისთვის კი მას 113 ხმა სჭირდება. პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერენ ოპოზიციონერი დეპუტატები.

კანონპროექტი არჩევნების პარტიული სიებით ჩატარებას ნულოვანი ბარიერის პირობებში ითვალისწინებს.