იტალიელმა მოქანდაკემ თბილისს საჩუქრად ხუთმეტრიანი „კვერცხი" გადმოსცა

დაახლოებით ხუთმეტრიანი ქანდაკება, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაამონტაჟეს, კვერცხის ფორმის მონუმენტს წარმოადგენს.
Sputnik

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ქართული წარმოშობის იტალიელმა მოქანდაკე პრასტომ (ვაჟა მიქაბერიძე) თბილისს საჩუქრად ახალი ქანდაკება N'Uovo (კვერცხი) გადმოსცა, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

ქანდაკება ავტორმა საკუთარი სახსრებით შექმნა. ვაჟა მიქაბერიძე თბილისში სპეციალურად ქანდაკების გახსნის ცერემონიისთვის ჩამოვიდა.

მოქანდაკე ძმების საჩუქარი ორჰან ფამუქს და სუვენირად ქცეული ბრინჯაოს ხანის ნივთები>>

დაახლოებით ხუთი მეტრი სიმაღლის ქანდაკება N'Uovo აბსტრაქტული კომპოზიციაა, რომელიც კეთილდღეობას, მომავლის ნაყოფიერებასა და სიახლის სიმბოლოს გამოხატავს. ქანდაკება მოძრავია და ქარის ზემოქმედების საშუალებით ტრიალებს.

ქანდაკება პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟდა. ანალოგიური ქანდაკება პრასტომ იტალიის ქალაქ პიეტრასანტეს გადასცა, რომელშიც დიდი ხანია ცხოვრობს და მოღვაწეობს. ქალაქი ცნობილია მარმარილოსა და ბრინჯაოს დამუშავების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით. ქანდაკება 2016 წელს პარკში La Versiliana დაამონტაჟეს.

ქართველმა მხატვარმა მიქელანჯელოს პრესტიჟული პრემია მიიღო

პრასტოს ნამუშევრები ინახება საქართველოს, იტალიისა და რუსეთის კერძო კოლექციებსა და სახელმწიფო გალერეებში.

ნამუშევრების მთელი სერია გააერთიანა მოქანდაკემ გამოფენაში „ეკვილიბრიუმი", სადაც ყველა ექსპონატს კვერცხის ფორმა აქვს და სააღდგომო თემატიკას ეხმიანება.

პრასტო თბილისში დაიბადა. 1993 წლიდან იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს. დაამთავრა რიაჩის აკადემია ფლორენციაში, მანამდე თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა.

პრასტო ორი ცნობილი ქანდაკების ავტორია, რომლებიც თბილისსა და მირზაანს ამშვენებს. ესენია ნიკო ფიროსმანის ქანდაკება მის მშობლიურ მირზაანში და სერგო ფარაჯანოვის ქანდაკება დედაქალაქში, ბამბის რიგში.