ბინა ერთ ლარად: თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართი კიდევ 23 ოჯახს გადასცა

იმისთვის, რომ დევნილებმა დაიკანონონ ან მიიღონ ახალი საცხოვრებელი ფართები, მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.
Sputnik

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. სამგორის რაიონში თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ კიდევ 23 ოჯახს გადასცა საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად, ამის შესახებ თბილისის მერმა სამგორის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა.

იმისთვის, რომ დევნილებმა დაიკანონონ ან მიიღონ ახალი ფართები, მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.

თბილისში ბინები 700-მდე დევნილი ოჯახს გადაეცა

„ყველასთან, ვინც არის უბინაოდ დარჩენილი, გვექნება იგივე მიდგომა და ყველა რაც შეიძლება ჩქარა მიიღებს საცხოვრებელ ბინებს სიმბოლურ ფასად", – განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 21 ათასზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით კიდევ 270-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.

მაია ცქიტიშვილი: ბინები ორი ათასზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა>>

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს - სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილი ცხოვრობს შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართს ყიდულობს და დევნილებს გადასცემს.