ქართველმა სამბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქრო აიღეს

მსოფლიო პირველობის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა შვიდი მედალი - ერთი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ორი ბრინჯაო
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. ქართველმა სამბისტმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც სამხრეთ კორეის ქალაქ ჩონჯუში იმართება.

ფინალში 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩიდრაშვილმა მინიმალური ანგარიშით მოუგო რუსეთის წარმომადგენელ საიან ჰერტეკს - 1:0.

აღსანიშნავია, რომ ჩიდრაშვილი თავის კარიერაში მეექვსედ ხდება მსოფლიო ჩემპიონი.

კიდევ ერთი ოქროს მედლის აღება დავით ლორიაშვილს (-100 კგ) შეეძლო. მაგრამ ფინალში ჩვენი სამბისტი რუს რუსლან კისელიოვთან დამარცხდა.

ამგვარად, მსოფლიო პირველობის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა შვიდი მედალი - ერთი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ორი ბრინჯაო.

მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში ჩონჯუში 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.