სეანსების მოლოდინში: კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, კინომაყურებელთა უსაფრთხოება დღესაც უზრუნველყოფილი იქნება
Sputnik

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“, ასევე „გალერია თბილისთან“, სადაც კინოთეატრი „კავეა“ მდებარეობს, ასევე ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული, იუწყება პირველი არხი.

ლევან აკინი: ამაყი ვარ, რომ არცერთმა კინოთეატრმა უკან არ დაიხია... >>

სანდრო ბრეგაძე: ლევან აკინმა არასრულწლოვანი ბავშვები ფილმში მოტყუებით გადაიღო

თბილისის ხუთ და ბათუმის ერთ კინოთეატრში დღესაც არის დაგეგმილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება, რომლის პრემიერასთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში გუშინ აქციები გაიმართა და ინციდენტებიც მოხდა.

ამასთან, „ვერის ბაღში“ უკვე მივიდნენ ბიზნესმენი ლევან ვასაძე და „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი და მათი თანამოაზრეები. გუშინდელ აქციაში მათთან ერთად ორგანიზაცია „ქართული მარში“ მონაწილეობდა.

კინოთეატრ „ამირანის“ შესასვლელში სპეციალური დეტექტორებია დამონტაჟებული. მაყურებელს ფილმზე დასასწრებად სპეციალური შემოწმების გავლა დღესაც მოუწევთ. ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთანაც“ სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. მაყურებლები კინოთეატრში ისევ პოლიციის კორდონის გავლით შეძლებენ შესვლას.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, კინომაყურებელთა უსაფრთხოება დღესაც უზრუნველყოფილი იქნება.

„დღესაც, როგორც გუშინ, თითოეულ ლოკაციაზე დაცული იქნება თითოეული მოქალაქის უფლებები და მართლწესრიგი. შემოწმებულია კინოდარბაზები კინოლოგების მიერ. დღესაც მაყურებლების შემოწმების პროცედურები იქნება სტანდარტული, მეტალოდეტექტორის გავლის შემდეგ შევა მაყურებელი დარბაზში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
სასამართლო კინოთეატრ „ამირანთან“ დაკავებულთა საქმეებს იხილავს

თბილისში კინოსეანსები 19:30 და 22:00 საათზე დაიწყება, ბათუმში - 22:00 საათზე.

8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, ექვს კინოთეატრში ყველა კინოჩვენება დაგეგმილ დროს დაიწყო. თუმცა, თბილისში კინოთეატრ „ამირანის“ და „თბილისი გალერის“ ტერიტორიაზე კინოთეატრ „კავეას“, ხოლო ბათუმში კინოთეატრ „აპოლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ასობით მოქალაქე შეიკრიბა, რომელთა მონაწილეობით რამდენიმე ინციდენტი მოხდა. კინოთეატრებთან გვიან ღამემდე პოლიციის გაძლიერებული ძალები იყო მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. თბილისში დააკავეს 24 პირი, ბათუმში - 3.

სახალხო დამცველი: უმჯობესი იქნებოდა, პოლიციას „ამირანთან“ აგრესიული ჯგუფები არ მიეშვა >>

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება. მთავარ როლებში არიან ახალგაზრდა ქართველი მსახიობები ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი და ანა ჯავახიშვილი.

ქართულ-შვედური კოპროდუქცია „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთმა ამერიკული კინოაკადემია „ოსკარის“ პრემიაზე წარადგინა.