თბილისში წინასაახალწლო სამზადისი იწყება – რომელ ქუჩაზე იზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მსხვილ კომპანიებს დედაქალაქის საახალწლო ღონისძიებებში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.
Sputnik

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციების დამონტაჟებასთან დაკავშირებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა 9 ნოემბრის ღამეს შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

კერძოდ, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვები იმოქმედებს მერაბ კოსტავას ქუჩაზე გიორგი მიროტაძის ქუჩიდან გიორგი სააკაძის მოედნამდე.

ახალი ნაძვის ხე და დეკორაციები – თბილისი ახალი წლისთვის ემზადება

ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ ასევე შეიზღუდება ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე ჰეიდარ ალიევის ბაღიდან პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე. გარდა ამისა, შეზღუდვები იმოქმედებს დავით გურამიშვილის გამზირზე კინო „საქართველოდან" მეტროს სადგურ „სარაჯიშვილამდე" და ქეთევან წამებულის გამზირზე ავლაბრის მოედნიდან „ისნის" მეტრომდე.

ქალაქის წინასაახალწლო მორთვას „თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.

თბილისის მერიამ ახალი წლის სამზადისისთვის 2,8 მილიონი ლარი გამოყო – თბილისი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით, განათებითა და დეკორაციებით შეხვდება.

25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხის ღირებულება 304,8 ათასი ევროა, სხვადასხვა აქსესუარები და ახალი განათებები კი 525 ათასი ევრო დაჯდება.

ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ მსხვილ კომპანიებს დედაქალაქის საახალწლო ღონისძიებებში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

თბილისის ცენტრში საახალწლო დღესასწაულის დროს ტრადიციულად გაჩნდება „საახალწლო სოფელი". გასულ წელს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა კონცერტები, კოსტიუმირებული შოუ–წარმოდგენები, საახალწლო ფილმების ჩვენებები და ბაზრობა. ღონისძიებების დიდი ნაწილი კერძო სექტორის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.