თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თუშეთის სოფელ ომალოში კესელოს ციხის რესტავრაციის მორიგი ეტაპი დასრულდა, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.
თუშეთში ომალოს ისტორიული უბანი კესელო წარმოადგენს ციხე-სოფელს. დღესდღეობით შემორჩენილია შვიდი კოშკი. სოფელში ორი სალოცავი ნიშაა და ლუდის სახარში შენობა, კესელოს ერთ-ერთ კოშკში არის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია თუშური საყოფაცხოვრებო ინვენტარი და საბრძოლო იარაღები.
სააგენტოს ინფორმაციით, არქიტექტორ იოსებ ბანძელაძის მიერ 2001 წელს მომზადებული სარესტავრაციო პროექტის მიხედვით 2019 წლის სარეაბილიტაციო პროცესმა უმთავრესად არქიტექტურული კომპლექსის ინფრასტრუქტურული მოწყობის ნაწილი მოიცვა, რომელიც კომპანია „იკორთა 2007“-მა შეასრულა.
რესტავრაციის ფარგლებში მოსწორდა და გაფართოვდა კოშკთან მისასვლელი ბილიკები, კლდეში გამოიჭრა კიბის საფეხურები, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით დამონტაჟდა ლითონის მოაჯირები, სიპი ქვის წყობით დუღაბზე აღდგა დანგრეული გალავანი.
სარესტავრაციო სამუშაოები ამ ეტაპზეც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდ „კესელოს“ ერთობლივი ძალისხმევითა და თანადაფინანსებით ჩატარდა.
ფონდის ძალისხმევით განხორციელდა 2019 წლამდე კესელოს კომპლექსის ექვსი ციხე-სახლის რესტავრაციაც.
სააგენტოს ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროგრამულ ნუსხაში კესელოს კომპლექსი მომდევნო წლებშიც იქნება წარმოდგენილი, რაც ციხე-სოფლის ტერიტორიაზე დღემდე ჩამოშლილი 6 კოშკის აღდგენას ითვალისწინებს.
სარესტავრაციო პროცესი ტრადიციული თუშური არქიტექტურის მქონე კოშკების ფიქალის ქვის მშრალი წყობით აღდგენასა და ინტერიერის სართულშუა ხის გადახურვების მოწყობას მოიცავს.
ეთნოგრაფ ნუგზარ იდოიძესთან ერთობლივად შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ კესელოს ციხე-სოფელი თუშეთის კულტუროლოგიური ცენტრის ფუნქციასაც შეიძენს, რაც სამომავლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სამუზეუმო და საგამოფენო სივრცედ ქცევასაც გულისხმობს.