ილიას ღვაწლი: გენერლის დახეული თამასუქი და შეწყვეტილი ეგზეკუცია

8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო და, შესაძლოა, ნაკლებად ცნობილ ფაქტს დიდი მამულიშვილის ცხოვრებიდან.
Sputnik

ვანო სულორი

182 წელი გვაშორებს ჩვენი ქვეყნისთვის იმ მნიშვნელოვან დღეს, როდესაც ყვარელში გრიგოლ ჭავჭავაძისა და მარიამ ბებურიშვილის ოჯახში დაიბადა დიდი ქართველი, „საქართველოს თანამდევ სულად“ წოდებული, ერის მამად აღიარებული ილია ჭავჭავაძე.

ილია, როგორც ერის ჭეშმარიტი წინამძღოლი, არა მარტო სიტყვით, აქტიური საქმიანობითაც ქვეყნის სამსახურში იდგა და, რაც ყველაზე მთავარია, გამუდმებით იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში. მან თავისი აქტიურობით არაერთხელ ააცილა სამშობლოს უდიდესი განსაცდელი.

ილიას ღვაწლი: გენერლის დახეული თამასუქი და შეწყვეტილი ეგზეკუცია

დღეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიხმობთ:      

1. XIX საუკუნის ბოლოს საქართველოში საყოველთაო განათლების მხრივ უმძიმესი ვითარება იყო შექმნილი. მისი მიღება მხოლოდ შეძლებული თავად-აზნაურებისა და ვაჭრების პრეროგატივა გახლდათ, ღარიბ მოსახლეობას, სამწუხაროდ, ხელი არ მიუწვდებოდა სწავლა-განათლებაზე.

მასობრივი უწიგნურობის აღმოფხვრის მიზნით შეიქმნა ქართულად წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. 1878 წლიდან მის საქმიანობაში აქტიურად ჩაება ილია ჭავჭავაძე, რომელმაც დიმიტრი ყიფიანთან და ბესარიონ ღოღობერიძესთან ერთად მოამზადა ამ საზოგადოების წესდება და სამოქმედო გეგმა. მან 1907 წლამდე იარსება და ამ ხნის განმავლობაში ათობით ათას ღარიბ, მაგრამ ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდას (და არა მარტო ახალგაზრდას) მისცა განთლების მიღების საშუალება.  

ილიას ღვაწლი: გენერლის დახეული თამასუქი და შეწყვეტილი ეგზეკუცია

2. „საგლეხო რეფორმასა“ და მის თანმდევ მოვლენებს ქართველმა თავად-აზნაურობამ ფეხი ვერ აუწყო და ეს მათი მასიური გაღატაკებით დასრულდა. ასობით და ათასობით ქართველი არისტოკრატი ვალების გასასტუმრებლად იძულებული გახდა, გაეყიდა საკუთრებაში არსებული მიწები. მყიდველები ძირითადად მდიდარი არაქართველები იყვნენ და მათ თითქმის ჩალის ფასად, რომ იტყვიან, მუქთად ჩაიგდეს ხელში ბარაქიანი მიწები.

მდიდარი გადამთიელები ნაყიდ მიწებზე თავიანთ თანამემამულეებს ასახლებდნენ და, ქართველთა სავალალოდ, მნიშვნელოვნად ცვლიდნენ დემოგრაფიულ სურათს საქართველოში. ჩვენი წინაპრების მიერ ხმლითა და დიდი სისხლთათხევით შენარჩუნებულ მიწებს მოყვრად მოსული გადამთიელები ფულითა და ვექსილებით, ანუ ფარატინა ქაღალდებით სამუდამოდ გვართმევდნენ.

ეს საგანგაშო პროცესი არ გამოპარვია ილიას მახვილ თვალს და განგაშის ზარი დაარისხა. რა თქმა უნდა, გაღატაკებულ თანამოძმეთა დამუნათებითა და ნამუსზე შეგდებით არაფერი გამოვიდოდა, ამიტომ სხვა გზას დაადგა. მან შემოიკრიბა მდიდარი ქართველები (ძმები ზუბალაშვილები, დავით სარაჯიშვილი და სხვები) და 1874 წლის 5 სექტემბერს დააარსა „ტიფლისის გუბერნიის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი“. რა თქმა უნდა, ბანკი სხვა ოპერაციებსაც აწარმოებდა და გარკვეულ მოგებასაც იღებდა, მაგრამ მის საქმიანობაში უმთავრესი ის იყო, რომ თავად იძენდა გაღარიბებული ქართველი არისტოკრატების უძრავ ქონებას და მდიდარ უცხოტომელებს საშუალებას არ აძლევდა, უმიწაწყლოდ დაეტოვებინათ ქართველები. 

ილიას ღვაწლი: გენერლის დახეული თამასუქი და შეწყვეტილი ეგზეკუცია

3. 1878 წელს გაფორმებული სან-სტეფანოს ზავით საქართველოს აჭარა და კოლა-არტაანის მხარე დაუბრუნდა. ახალმა რეალობამ ბევრ სულგაყიდულ ქართველს გაუჩინა ილუზია იმისა, რომ დიდ სარგებელს ნახავდნენ და მუსლიმან ქართველებში გააჩაღეს აგიტაცია−პროპაგანდა იმისა, რომ რუსეთის მიერ დაკავებული მიწებიდან აყრილიყვნენ და ოსმალეთის იმპერიის გულში გადასახლებულიყვნენ. ამით იქმნებოდა აჭარისა და კოლა-არტაანის ქართველთაგან დაცლის საშიშროება.

არადა, ამის გამოცდილება უკვე ჰქონდა საქართველოს. 1828 წელს საქართველოსთვის დაბრუნებული ახალციხიდან ათობით ათასი მუსლიმანი ქართველი გადასახლდა ოსმალეთში. შედეგად, სამცხე-ჯავახეთის „გამოთავისუფლებული მიწები“ არაქართულმა ეთნოსმა დაიკავა.

სწორედ ასეთი საშიშროება დაემუქრა ახლადშემოერთებულ აჭარას. ილია ჭავჭავაძემ ყველაზე ადრე განჭვრიტა ეს საფრთხე და დაუპირისპირდა ქვეყნისთვის დამღუპველ პროცესს.

საბედნიეროდ, აჭარაში უამრავი პატროიოტი და გონიერი ქართველი აღმოჩნდა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მუსლიმანი ქართველები არ აჰყოლოდნენ რელიგიური შუღლის გამღვივებელ ავანტიურისტებს და არ მიეტოვებინათ სამშობლო.

ილიას ღვაწლი: გენერლის დახეული თამასუქი და შეწყვეტილი ეგზეკუცია

4) 1905-1907 წლებში რუსეთის იმპერიაში რევოლუცია მძვინვარებდა. რევოლუციურმა გამოსვლებმა დასავლეთ საქართველოც მოიცვა, სადაც აჯანყებულებმა სერიოზულ წარმატებებს მიაღწიეს. ხელისუფლების რეაქციამაც არ დაახანა და აჯანყების ჩასახშობად დასავლეთ საქართველოში ჯარი გაგზავნა მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. აჯანყება დაუნდობლად ჩაახშეს, მაგრამ მოსახლეობის სასტიკი ეგზეკუცია კვლავ გრძელდებოდა.

ალიხანოვ-ავარსკის ბრძანებით 1906 წელს გადაწვეს ქუთაისი და ოზურგეთი, გაძარცვეს მშვიდობიანი მოსახლეობა.

სადამსჯელო ღონისძიებებმა აღაშფოთა ქართული საზოგადოება. ილია ჭავჭავაძემ ყველაფერი იღონა ქართველების აწიოკების შესაწყვეტად, მაგრამ ამაოდ დაშვრა. მაშინ ის მეწარმე დავით სარაჯიშვილს ესტუმრა და ქართველთა გადარჩენის გეგმა შესთავაზა. გენერალ ალიხანოვ-ავარსკის დავით სარაჯიშვილის ვალი ემართა — საკმაოდ სოლიდური თანხა. ილიამ სთხოვა სარაჯიშვილს, რომ დაეხია ვექსილები, თუ სანაცვლოდ ალიხანოვ-ავარსკი ეგზეკუციას შეწყვეტდა და ჯარს გამოიყვანდა დასავლეთ საქართველოდან.

ქართველი მრეწველის ამ შეთავაზებას დიდი სიხარულით შეხვდა რუსი გენერალი და განულებული ვალების სანაცვლოდ ჯართან ერთად დატოვა დასავლეთ საქართველო.

და ეს სწორედ დიდი ილიას და შესანიშნავი მამულიშვილის დავით სარაჯიშვილის წყალობით მოხდა...