ყვითელი ამბები

„პროპაგანდის შედეგად სექსუალური ორიენტაციის შეცვლა როგორ უნდა მოხდეს, ვინმემ გამაგებინოს!“

მოძრაობა „ქართული მარში" საქართველოს კინოთეატრებში ახალი ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ჩვენების ჩაშლას გეგმავს.
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და ამბობს, რომ შეუძლებელია, პროპაგანდის შედეგად ადამიანმა ორიენტაცია შეიცვალოს.

„ქართული მარში" – ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერაზე: მოხდება კინოთეატრების ბლოკირება

„პროპაგანდის შედეგად სექსუალური ორიენტაციის შეცვლა როგორ უნდა მოხდეს, ვინმემ გამაგებინოს! ხალხი სიგარეტს ვერ ანებებს თავს ამდენი ანტინიკოტინური პროპაგანდის მერე და ფილმის ნახვით თუ ამერყევდებიან კაცები, არ ყოფილა საშველი და ეგაა. მაგ მერყევები მაგნები…“ – წერს ნადირაძე.

მოძრაობა „ქართული მარში" საქართველოს კინოთეატრებში ახალი ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ჩვენების ჩაშლას გეგმავს. 

ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის ინფორმაციით, ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში თავდაპირველად მხოლოდ სამი დღით, 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

„ქართული მარშის" ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ისინი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად შეურიგებელი როგორც საერთოდ ცოდვის, ისე სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.

კინოფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ქართული კომპანია Takes Film-ის და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“: ქართულმა ფილმმა გეი-სიყვარულზე ოდესის კინოფესტივალის გრან-პრი მიიღო

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director"s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

ივლისში ლევან აკინის ფილმი ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა.