აშშ-ში ქართველი მხატვრების გამოფენა გაიმართება

ერთი კვირის განმავლობაში ნიუ-ჯერსის შტატის მცხოვრებლები და სტუმრები ქართველი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების დათვალიერებას შეძლებენ.
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ოთხი ქართველი თანამედროვე მხატვარი თავის ნამუშევრებს ამერიკის ნიუ-ჯერსის შტატში, ახალ არტ-გალერეა FLAG Art Group-ში გამოფენაზე წარადგენს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ქართველი მხატვარი საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი გახდა>>

გამოფენაში, რომელიც 8-15 ნოემბერს გაიმართება, ათი თანამედროვე მხატვარი მონაწილეობს. აქედან ოთხი საქართველოდანაა. თავიანთ ნამუშევრებს გამოფენენ ხატია ესართია, კონსტანტინე მინდაძე, ლევან მინდიაშვილი და ლეილა შელია.

ქართველი მხატვარი აშშ–ში საუკეთესოდ დაასახელეს

გალერეის დებიუტი თანამედროვე არტ-სცენაზე შედგება კონცეფციით „კულტურული იდენტურობის საზღვრებს მიღმა". ის უკავშირდება უნიკალური პირადი გამოცდილების მქონე ათ მხატვარსა და სხვადასხვა კულტურებს, რომლებმაც მათ შემოქმედებაზე მოახდინა გავლენა.

გამოფენის გახსნაზე სტუმრები დააგემოვნებენ სხვადასხვა ქვეყნის კერძებსა და ღვინოს, ასევე მოუსმენენ კლასიკურ მუსიკასა და ჯაზს.

FLAG Art Group კრეატიული მარკეტინგული სააგენტოა, რომელიც გამოფენების ორგანიზაციითაა დაკავებული. გამოფენის კურატორი და FLAG Art Group-ის სივრცის დირექტორია ნინო მაჭარაშვილი.