ქართველი სუმოისტი წლის გადამწყვეტი ტურნირისთვის ემზადება

ტურნირზე ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ 15-დან 10 ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.
Sputnik

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, კასუგანო-ბეის საწვრთნელ დუელებს მართავს 2019 წლის შემაჯამებელი ტურნირის – კიუსიუ ბაშოს წინ, იუწყება პორტალი Japan Sumo.

ამ საწვრთნელ ტურნირზე ტოჩინოშინმა 14-დან 10 ორთაბრძოლა მოიგო, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში ლევან გორგაძეს შეხვდა

32 წლის ქართველმა გოლიათმა ოძეკის ტიტული უნდა დაიბრუნოს. წინა ტურნირზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ტოჩინოშინი სეკივაკეს ტიტულამდე ჩამოაქვეითეს.

გორგაძემ გასული აკი-ბაშო უარყოფითი ბალანსით დაამთავრა – 15-დან მხოლოდ ექვსი ორთაბრძოლა მოიგო. სწორედ ეს გახდა ოძეკის ტიტულის დაკარგვის მიზეზი.

ოძეკის რანგში ტოჩინოშინს ჩატარებული აქვს 105 ბრძოლა ბაშოზე, აქედან 35 მოიგო, 43 წააგო, ხოლო 27 შეხვედრა ტრავმის გამო შეწყვიტა.

2019 წელს ტოჩინოშინმა ერთხელ უკვე დაკარგა ოძეკის ტიტული. ეს ჰარუ ბაშოს მარტის ტურნირზე მოხდა. თუმცა, მაისის ნაცუ ბაშოზე გორგაძემ 15 ბრძოლაში 10 მოგება მოიპოვა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა.

ქართველ სუმოისტს იაპონიაში ლუდის წლიური ნორმა და ერთი ტონა სოკო აჩუქეს>>

იაპონურ მასმედიასთან ინტერვიუებში გორგაძემ აღნიშნა, რომ ამჟამად შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და მზადაა შეჯიბრებებისთვის.

წლის შემაჯამებელი ტურნირი კიუსიუ ბაშო 10 ნოემბერს იწყება. ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად ტოჩინოშინმა 15-დან სულ მცირე 10 ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.