მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ხელმეორედ წარადგინა

საქართველოს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების შედეგები.
Sputnik

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს კანონით დადგენილ ვადაში წარუდგინა, აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ხელმეორედ უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა.

პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

ფინანსთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, ბიუჯეტის პროექტი არსებითად არ განსხვავდება პირველი ვარიანტისგან, რომელიც პარლამენტს 1 ოქტომბერს წარედგინა.

ამჟამად საქართველოში იმყოფება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია და ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო აანალიზებს მიმდინარე წლის შემოსავლების, ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შესრულებას. შესაბამისად, ამ ეტაპზე გადაწყდა ბიუჯეტის პროექტის შინაარსის განახლება ფინანსური დოკუმენტის პარლამენტისთვის მესამედ წარდგენისას, ანუ არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პროექტში წარმოდგენილია მცირეოდენი ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, ასევე ასახულია ცოტა ხნის წინ განხორციელებული ცვლილებები 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტი საშემოდგომო სესიის დასრულებამდე, დეკემბრის ბოლოსწინა კვირას უნდა დაამტკიცოს.

რა მონაცემების საფუძველზეა შედგენილი ბიუჯეტი

საქართველოს მთავრობის პროგნოზის თანახმად, ქვეყანაში 2020 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი.

პროგნოზი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებელს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მომავალ წელს მსოფლიოს ეკონომიკურ ზრდასთან, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებულ მონაცემებს.

როგორ განაწილდება მილიარდები 2020 წლის ბიუჯეტიდან

ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, ბიუჯეტი გამოეთვალა მშპ-ის 5%-იანი ზრდის საფუძველზე და 3%-იანი დეფლატორის გათვალისწინებით. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, სსფ-ის მეთოდოლოგიით, არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 2,6%-ს.

ნომინალური მშპ მომავალ წელს 48,5 მილიარდი ლარის დონეზე დაიგეგმა (16,7 მილიარდი დოლარი მიმდინარე კურსით – 2,9 GEL\$1).

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები დაგეგმილია 14 მილიარდი ლარის დონეზე, მათ შორის, შემოსავლები 11 მილიარდ ლარს მიაღწევს.

სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 10,3 მილიარდი ლარი უნდა შეადგინოს, გრანტებმა – 200 მლნ ლარი და სხვა შემოსავლებმა – 515 მლნ ლარი.

როგორ გადანაწილდა ბიუჯეტი

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 14,2 მილიარდი ლარის დონეზე, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა – 13 მილიარდი ლარის დონეზე, დონორების მხრიდან დაფინანსება კი – 1,2 მილიარდი ლარის დონეზე.

რატომ ვერ ითვისებს მთავრობა ბიუჯეტს და რატომ იღებს დამატებით ვალს

2020 წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, მიმდინარე წლის მაჩვენებელთან შედარებით, 382,6 მილიონი ლარით მოიმატებს და 4,3 მილიარდ ლარს გაუტოლდება, ანუ ასიგნებების საერთო მოცულობის 30,6% იქნება.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები სფეროების მიხედვით

ასიგნებების მიმართულება

 ასიგნებების მოცულობა (მლნ ლარი)

მშპ-თან მიმართება (%)

სახელმწიფოს საერთო დანიშნულების ხარჯი1 723,63,6
თავდაცვა978,42,0
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება1 209,82,5
ეკონომიკური საქმიანობა2 207,74,6
გარემოს დაცვა102,30,2
საყოფაცხოვრებო-კომუნალური მეურნეობა143,30,3
ჯანდაცვა1 118,52,3
დასვენება, კულტურა და რელიგია335,90,7
განათლება1 539,73,2
სოციალური დაცვა3 512,87,2

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 71,6 მლნ ლარით გაიზრდება და 2 მილიარდს გადააჭარბებს. განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 132,4 მლნ ლარით გაიზრდება და 1,6 მილიარდ ლარს გაუტოლდება.