საქართველოს სკოლებში სულ უფრო მეტი მანდატური გამოჩნდება

საქართველოს 2 ათასზე მეტი საჯარო სკოლიდან ამ დროისთვის მანდატურები 575 სასწავლო დაწესებულებაში მუშაობენ.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. მომავალ წელს სკოლის მანდატურები საქართველოს კიდევ 103 საჯარო სკოლაში გამოჩნდებიან, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრეს-სამსახური.

2019 წლის 4 ნოემბრიდან სკოლის მანდატურებმა ქვეყნის 15 საჯარო სკოლაში დაიწყეს მუშაობა. კერძოდ – კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სხვა რეგიონების ზოგიერთ სოფლებში.

სკოლის მანდატურებს უფლებამოსილება გაეზარდათ - კანონში ცვლილებები ამოქმედდა

ამ დროისთვის სკოლის მანდატურები სულ 575 სახელმწიფო სკოლაში მუშაობენ. მიმდინარე წლის ბოლომდე კი ისინი კიდევ 13 საჯარო სკოლაში გამოჩნდებიან.

მანდატურები სკოლებში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, 2010 წელს პროგრამა "უსაფრთხო სკოლის" ფარგლებში გამოჩნდნენ. მანდატურის სამსახური განათლების სამინისტროს უშუალო დაქვემდებარებაშია.

უსაფრთხოება სკოლებში განათლების სისტემის რეფორმაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. 2021 წლამდე ქვეყნის პოლიციის აკადემიაში 1,3 ათას მოქმედ მანდატურს გადაამზადებენ.

გარდა ამისა, დაგეგმილია სკოლის მანდატურის სამსახურთან ფსიქოლოგიური ცენტრების გაძლიერება. შეიქმნება რვა რეგიონული ცენტრი.

საქართველოში სულ 2085 საჯარო სკოლაა.