„4 ჯამი „მანი ქაშა“ დავახვედრეთ“ – გასართობმა ცენტრმა ბიჭუნას ოცნება აუსრულა

ბექა ბუჩუკური და მარიამ ნარიმანიძე პოპულარულები სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს შემდეგ გახდნენ. ფოტო „მთიული და-ძმა სკოლისკენ“ „ფეისბუქის“ ერთ-ერთ გვერდზე გავრცელდა.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. ქვეშეთელი ბექა ბუჩუკური, რომელიც სოციალური ქსელის ვარსვკლავი მის მეგობარ მარიამთან ერთად გახდა, გასართობმა ცენტრმა დაპატიჟა და მას „მანიქაშითაც“ გაუმასპინძლდა.

საქმე ისაა, რომ ფოტოსთან ერთად ბექას პოპულარობა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობამაც მოუტანა, სადაც ის იმ საჭმელებზე საუბრობდა, რომელიც ძალიან უყვარს. ბექას ნათქვამი ფრაზა „ძალიან მიყვარს მანიქაშა“ ინტერნეტ-სივრცემ მალევე აიტაცა.

„ისევ ჩვენი უსაყვარლესი სტუმრის, ბექას ფოტოები უნდა გაგიზიაროთ. ამჯერად ბექა მეგობრებთან ერთად გვესტუმრა და დიდი მხიარულებაც გავმართეთ. რაც მთავარია, დანაპირები შევუსრულეთ და 100 ვერა, მაგრამ 4 ჯამი „მანი ქაშა“ დავახვედრეთ“, – წერს გასართობი ცენტრი.

ბექა ბუჩუკური და მარიამ ნარიმანიძე პოპულარულები სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს შემდეგ გახდნენ. ფოტო „მთიული და-ძმა სკოლისკენ“ „ფეისბუქის“ ერთ-ერთ გვერდზე გავრცელდა, რომელსაც ათასობით კომენტარი და მოწონება აქვს. ფოტოს ავტორად მითითებული იყო გიორგი ნადირაშვილი. შემდეგ გაირკვა, რომ ბავშვები და-ძმა არ არიან, ისინი თანასოფლელები არიან. მთიული პატარები რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის გადამღებმა ჯგუფმა ფილმში გადასაღებად შეარჩია და სასცენო ფორმაში გამოწყობილები ერთ დღეში პოპულარულებიც გახადა. ფილმში, რომელსაც ცნობილი ქართველი რეჟისორი იღებს, არის სცენა, სადაც მთავარი გმირი თავის ბავშვობას იხსენებს. ანა და ბექა რეჟისორმა, სავარაუდოდ, ამ გმირის მოგონებების გასაცოცხლებლად აირჩია.