ხეტყის უკანონო ჭრა: ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში დაფიქსირდა

საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მილიონი ჰა ფართობს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რომლებიც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოქტომბრის თვეში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 594 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ხეტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი გამოვლინდა კახეთის ტერიტორიაზე. გამოვლენილ ფაქტებს შორის 16 შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კლიმატის მწვანე ფონდი საქართველოს სატყეო სექტორის პროექტს 32 მლნ აშშ დოლარით დააფინანსებს

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 237 ფაქტი გამოვლინდა.

იმერეთის ტერიტორიაზე 56 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, სამცხე-ჯავახეთში – 100, შიდა ქართლში – 24, აჭარაში – 62, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 30, ქვემო ქართლში – 54, მცხეთა-მთიანეთში – 16, გურიაში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი 9 სამართალდარღვევა გამოვლინდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ერთი ფაქტი დედაქალაქშიც გამოავლინეს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჯამში უკანონოდ მოპოვებული 3 ათასამდე კუბური მეტრი ხეტყე ამოიღეს.

გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 67 ფაქტი, ასევე ამოღებულია 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მილიონი ჰა ფართობს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რომლებიც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.