ძალიან დილა მშვიდობისა! - გოგო, რომელიც ყველა დილას აფერადებდა

საქართველოს, თბილისს, ყველა ჩვენგანს დაგვაკლდა მისი თაობის ყველანაირად გამორჩეული გოგო - ლელა ანჯაფარიძე
Sputnik

„ძალიან დილა მშვიდობისა!“- ბოლო წლებია ასე ესალმებოდა მის პოსტებს ჩასაფრებულ ვირტუალურ პუბლიკას... საოცარი თემები, წერის განსხვავებული მანერა და ძალიან, ძალიან გულწრფელი ტონი, რომლითაც ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მკითხველის გულსაც კი ალღობდა და ათბობდა...

ჩვენი რედაქციისათვის მართლა სასიხარულო იყო, როცა ერთ მშვენიერ დღეს, სიამოვნებით დაგვთანხმდა შეთავაზებაზე, სპეციალურად ჩვენთვის დაეწერა მოგონებები.

ძალიან დილა მშვიდობისა! - გოგო, რომელიც ყველა დილას აფერადებდა

...და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო!.. წელიწადნახევარის განმავლობაში გლუკოზას აბებივით „იღებდა“ ჩვენი მკითხველი მის მასალებს და ივსებოდა ენერგიით, სიკეთით და პოზიტივით... ყოველ დღე გვახსენებდა ძველ ამბებს, თანაც ისე, რომ მათ ხელახლა, ცხადად განვიცდიდით და ის განცდა მერე მთელი დღე გვყოფნიდა, მთელი დღე - მის მორიგ მოგონებამდე...  

ორმოცწუთიანი „ზუ–რი–კო“ დიდი თეატრის სცენაზე...

მალე მისი ცხოვრების მთავარი პერსონაჟები ყველასთვის ახლობელი და მშობლიური გახდა: დედაჩკა- გალიჩკა, ალე ბებია, ჯემალიკო და ზურიკო, რომელთა ოჯახის წევრობითაც ასე ძალიან და სამართლიანად ამაყობდა... დღეს უკვე ყველა ერთად არის ზეციურ თბილისში, ქალაქში, რომელიც ასე უყვარდა და რომელსაც თავის მოგონებებში მეორე სიცოცხლე აჩუქა...

ძალიან დილა მშვიდობისა! - გოგო, რომელიც ყველა დილას აფერადებდა

დღეს მისი „ძალიან დილა მშვიდობისა“ ჩვენი რედაქციის ოქროს ფონდის კუთვნილებაა და ძალიან ვამაყობთ, რომ ამ საოცარ ადამიანთან ურთიერთობის ბედნიერება გვქონდა.

მადლობა ლელა და გზა მშვიდობისა ზეციურ თბილისში!