მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრა: დაკავებულის გასათავისუფლებლად ხელმოწერებს აგროვებენ

31 წლის კობა თარაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში, რეანიმაციაში იმყოფება. მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მძიმედ აფასებენ
Sputnik

თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრისთვის დაკავებულ პაატა მაჭარაშვილს ბრალს დღეს ოფიციალურად  წაუყენებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა პარასკევს, სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბეში 1 ნოემბერს გვიან საღამოს მოხდა. ქვემო ბოდბეში მცხოვრებმა პაატა მაჭარაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი, კობა თარაშვილი სანადირო თოფით დაჭრა. შემთხვევას მხარეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

სიღნაღში სოფლის რწმუნებულის ვაჟი დაჭრეს

მაჭარაშვილის თანასოფლელების განცხადებით, დაკავებულმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა და სოფელი მას თავდებში უდგება. მათი მტკიცებით, გამგებლის შვილი ე.წ. ქურდული მეთოდებით მაჭარაშვილისთვის ხორბლის გამოძალვას ცდილობდა.

ადგილობრივებმა დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით ქვემო ბოდბეში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს მირზაანის რწმუნებული და ამბობს, რომ აგრესიულად არა მისი შვილი, არამედ დაკავებული პაატა მაჭარაშვილი იქცეოდა, რომელმაც კობა თარაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტის შემდეგ დაკავებულმა კობა თარაშვილს ინციდენტის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, მანქანაში მჯდომარეს ესროლა.

„დაეწია მანქანით მაჭარაშვილი, მივიდა, დასცა მანქანაში მჯდომარეს იარაღი და გაიქცა“, - ამბობს დაჭრილის მამა აკაკი თარაშვილი.

31 წლის კობა თარაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში, რეანიმაციაში იმყოფება. მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მძიმედ აფასებენ.

სიღნაღში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს >>

მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული  დანაშაულს აღიარებს, იარაღი კი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.