ყვითელი ამბები

ბერა ივანიშვილი უახლოეს დღეებში ბრაზილიაში მიემგზავრება

ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში აპირებს საკუთარი თვალით ნახოს ამაზონის ტროპიკული ტყეები, რომელშიც წელს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
Sputnik

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებლისა და თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა შემდეგ კვირაში ბრაზილიაში მიემგზავრება.

ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ბრაზილია! მომდევნო კვირაში პირველად მოვდივარ. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას. გთხოვთ, მომწერეთ რაიმე რეკომენდაცია ჩემი მოგზაურობისთვის“, – წერს ბერა ივანიშვილი.

რამდენიმე დღის წინ ბერამ დააანონსა, რომ ამაზონის ჯუნგლების აღდგენის ფონდში 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. შემდეგ კი ბერა ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ახალი ელჩი გახდა. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ „ბერაზე დიდი გავლენა მოახდინა 2019 წლის აგვისტოში ამაზონის ტროპიკულ ტყეში გაჩენილმა ხანძარმა. სწორედ ამან უბიძგა მას, რომ ბრაზილიური ორგანიზაციის პარტნიორი გამხდარიყო“.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ამ ინიციატივის გახმოვანების შემდეგ კრიტიკის ობიექტი გახდა.

ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყეების გადასარჩენად მილიონ დილარზე მეტს გადარიცხავს >>

„დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გაჩნდა. სულ დაფიქსირდა 70 ათასზე მეტი კერა, რაც 2018 წელთან შედარებით 84%-ით მეტია. 26 აგვისტოს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა ხანძრის ჩასაქრობად 22 მილიონი დოლარი გამოყვეს.

აალების ძირითადი კერები ბრაზილიის ტერიტორიაზე იყო. ხანძრები დაფიქსირდა ბოლივიისა და პერუს ტერიტორიებზეც.

ვარსკვლავებს შორის, რომლებიც ამაზონის ტყეებში გაჩენილ ხანძრებს გამოეხმაურნენ და ფონდში დიდი თანხები გადარიცხეს, არიან ცნობილი მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო და პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდო.