თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. აჭარაში მესამე დღეა წვიმს, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა რეგიონში, იუწყება პირველი არხი.
გადაუღებელი წვიმის შედეგად ბათუმში დაიტბორა გრიბოედოვის, პუშკინის, ჭავჭავაძის ქუჩების და ფრიდონ ხალვაშის ქუჩის ნაწილი. წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევიდა, რის შედეგადაც დაზიანდა ტექნიკა და ავეჯი.
აჭარის მთავრობამ ათამდე ოჯახი საკუთარი სახლებიდან უსაფრთხოების მიზნით ალტერნატიულ ფართში გადაიყვანა.
სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. მისი განცხადებით, შესაბამისი სამსახურების მხრიდან სრულად კონტროლდება არსებული სიტუაცია.
ასევე, უხვი ნალექის შედეგად, მეწყრული პროცესები განვითარდა ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში. მეწყერმა საშიშროება შეუქმნა საცხოვრებელ სახლებს და ჩაკეტა გზები.
უხვი ნალექის გამო, სოფელ გორგაძეებში მიწის მასა გორგილაძეების საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩამოიშალა. როგორც ოჯახი აცხადებს, სახლს საფრთხე ემუქრება, რადგან მეწყერი, შესაძლოა, ისევ განმეორდეს. ისინი ღამის გატარებას ნათესავთან აპირებენ.
მეწყრული პროცესი განვითარდა სოფელ ზედა აჭყვაში საავტომობილო გზაზეც. ადგილზე უკვე მუშაობს ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდა. სტიქიის მიუხედავად, ქობულეთს ელექტროენერგია და გაზი შეუფერხებლად მიეწოდება.
აჭარის სანაპიროებზე ამ დრომდე საშტორმო მდგომარეობაა. სინოპტიკოსების ვარაუდით, ხვალიდან გამოიდარებს, თუმცა დღეს ისევ მოსალოდნელია წვიმა და შტორმის სიმძლავრემ ზღვაზე შესაძლოა, 4-5 ბალს მიაღწიოს.
დღეს აჭარის სანაპიროზე ქარბორბალაც დაფიქსირდა.