ბათუმში მსჯავრდებულმა თერმომეტრი და ფრჩხილების საჭრელი გადაყლაპა

პატიმარი, რომელსაც ოპერაციის ჩატარება შესთავაზეს, ითხოვს ბათუმის მესამე დაწესებულებიდან მეექვსე ან მეშვიდე დაწესებულებაში გადაიყვანონ
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის ციხეში პატიმარმა თერმომეტრი და მეტალის ნივთი, კერძოდ ფრჩხილების საჭრელი გადაყლაპა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

გლდანის ციხეში მსჯავრდებული გარდაიცვალა

შემთხვევა 17 ოქტომბერს მოხდა.

26 ოქტომბერს, პატიმარი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რენტგენოგრაფია ჩაუტარდა. უწყებაში განმარტავენ, რომ უცხო სხეული მუცლის ღრუში, დაახლოებით კუჭის საპროექციო არეში დაფიქსირდა.

როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, მსჯავრდებულს უცხო სხეულების ამოღება ოპერაციული ჩარევით რამდენჯერმე შესთავაზეს, მაგრამ ის უარს ამბობს.

პატიმარი ითხოვს ბათუმის მესამე დაწესებულებიდან მეექვსე ან მეშვიდე დაწესებულებაში გადაიყვანონ.

პატიმარი სასჯელს 2014 წლიდან,  ყაჩაღობისა და ბინაში არაერთგზის შეღწევის მუხლებით იხდის. 

გერმანიის ციხიდან ორი პატიმარი გაიქცა: ერთ-ერთი ქართველია >>

როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, ციხეში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებულმა ახალი დანაშაული ჩაიდინა. საბოლოოდ კი სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით, 3 თვით და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.