ქართველი მხატვარი და დიზაინერი რომელიც "Salvatore Ferragamo“-ში მუშაობდა

მარი ჭანტურია - ეს სახელი და გვარი უკვე კარგად დაიმახსოვრეს იტალიაში, ისეთ ცნობილ ბრენდებში, როგორიცაა, „Valentino", „Fendi“, „Diesel“, „Salvatore Ferragamo“.
Sputnik

თბილისის სამხატვრო აკადემიის შემდეგ დიზაინერის ხელოვნება რომის Accademia di costume e di Moda" -ში დახვეწა. ლექციებს ამ სფეროს გამოცდილი პროფესიონალები უკითხავდნენ. მისი ესკიზები „Valentino" და „Diesel“-ის მოდის სახლის პროფესიონალებმა შეიძინეს. მუშაობდა ფეხსაცმელების იტალიურ ფირმაში „Giuseppe Zanotti“.

მონაწილეობა აქვს მიღებული ბევრ საერთაშორისო გამოფენაში, პერსონალური გამოფენა საქართველოში, ნიუ-იორკსა და თურქეთში ჰქონდა. ნიჭიერი ხელოვანის სიურეალისტური უჩვეულო ნახატები მის თამამ და კრეატიულ ნატურას კარგად გამოხატავს. ამჟამად "Flying Painter"-ში მუშაობს და სრულიად ობიექტურად თვლის, რომ მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინ აქვს...

ქართველი მხატვარი და დიზაინერი რომელიც "Salvatore Ferragamo“-ში მუშაობდა

- მარი, გავიგე, რომ მხატვრობით თქვენი დაინტერესება ოჯახიდან მოდის და პირველ „გასამრჯელოს“თურმე, ტკბილეულის სახით იღებდით...

- შემოქმედებითი პროცესი ბავშვობიდან მიზიდავდა. მამა მოქანდაკეა და ხატვის ნიჭიც მისგან გამომყვა. მშობლებს ყოველთვის დავყავდი გამოფენებსა და სპექტაკლებზე, რათა ხელოვნებასთან მეტი სიახლოვე მქონოდა. ბავშვობისდროინდელი ძალიან ბევრი ნახატი მაქვს შემორჩენილი. სკოლის შეჯიბრებებსა თუ გამოფენებზე აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი. ძალიან მსიამოვნებდა ხატვის პროცესი, თავისუფალ დროს სულ ვცდილობდი, რომ ამით დავკავებულიყავი. პორტრეტების ხატვა მაშინაც გამორჩეულად მიყვარდა. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი და თითქმის ყველა მეზობელი დახატული მყავს. ყველას უყვარდა, რომ ასეთ პატარა ასაკში ფერადი ფანქრით თუ ფლომასტერით დიდი სიზუსტით ვახერხებდი მათი პორტრეტების ხატვას. ამიტომაც ხშირად მასაჩუქრებდნენ ტკბილეულით და სახლში მეპატიჟებოდნენ, რომ ისევ დამეხატა.

ქართველი მხატვარი და დიზაინერი რომელიც "Salvatore Ferragamo“-ში მუშაობდა

- უმაღლესში მოდის დიზაინის ფაკულტეტზე ჩააბარეთ, რატომ ფერწერაზე არა?

- ალბათ იმიტომ, რომ მოდის მიმართ ჩემში სიყვარული პარალელურად არსებობდა და ეს პროფესია თავგადასავლისა და უფრო მეტი განვითარებისთვის ავირჩიე. სკოლის დამთავრების შემდეგ სრული დაფინანსებით ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინის ფაკულტეტზე. მახსოვს როგორ ვაკეთებდი კოლაჟებს. მოდის პოპულარული ჟურნალებიდან ფოტოებს ვჭრიდი და დიდ ალბომში ესკიზებს ვხატავდი. აკადემიამ დიდი გამოცდილება შემძინა. ჩემი სტუდენტური წლები კარგად მახსენდება უსაყვარლესი ლექტორები და მეგობრები მყავდა.

ქართველი მხატვარი და დიზაინერი რომელიც "Salvatore Ferragamo“-ში მუშაობდა

-რა თემები ჩნდება ძირითადად თქვენს ნახატებში და რატომ?

-ძირითადად მაქვს სიურეალისტური სტილის ნახატები, სადაც ორმაგი აზრია ჩადებული. ხანდახან ნახატის არსზე მნახველს მისი სახელწოდებაც მიანიშნებს. მინდა, რომ დამთვალიერებელმა მათში იმოგზაუროს და დაფარული სიღრმეები თანდათან ამოიცნოს. ტილოზე საკუთარი ემოციები  გადმომაქვს, ამიტომ ჩემი ნახატები ზედაპირული არასდროს არ არის. ფერს, საგნებსა თუ მიმიკას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ჩემთვის მხატვრობა საშუალება და გზაა, რომ თავისუფალი ვიყო, საკუთარი თავი და აზრები გამოვხატო.

ქართველი მხატვარი და დიზაინერი რომელიც "Salvatore Ferragamo“-ში მუშაობდა

- როგორც დიზაინერმა მოდის ხელოვნება იტალიაშიც შეისწავლეთ...

- უცხოეთში სწავლაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, ამიტომ სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ჩემი მონაცემები და ესკიზები გავაგზავნე "Accademia di costume e di Moda"-ში, რომელიც მდებარეობს რომში, Castel Sant Angelo-ს წინ. იტალიური კულტურით, ისტორიით, მოდით, ასევე ულამაზესი ქალაქებითა და არქიტექტურით ყოველთვის მოხიბლული ვიყავი. იტალიაში ძალიან მოიხიბლნენ ჩემი ნამუშევრებით და დაფინანსებით მასტერის პროგრამაზე ჩავირიცხე. 

ქართველი მხატვარი და დიზაინერი რომელიც "Salvatore Ferragamo“-ში მუშაობდა

- რომელ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობდით?

-საქმე ისაა, რომ აკადემია, სადაც იტალიაში ვსწავლობდი, თანამშრომლობდა მოდის ცნობილ სახლებთან, რომელთა შორის იყო: „Valentino", „Fendi“, „Diesel“, „Salvatore Ferragamo“. ამან ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა. ლექციებს „Valentino"-ს დიზაინერები - პიერპაოლო პიჩოლი (pierpaolo piccioli ) და მარია გრაცია კიური (Maria Grazia Chiuri) გვიკითხავდნენ. აკადემიაში მათთვის ესკიზებს ვქმნიდით. „Valentino" და „Diesel“-ის მოდის სახლის პროფესიონალები ჩემი რამდენიმე ესკიზით მოხიბლული დარჩნენ და ისინი შეისყიდეს კიდეც. მახსოვს პიერპაოლო პიჩოლიმ როგორ მითხრა შენ ჩემნაირი აზროვნების სტილი გაქვსო და იმ დღეს სიხარულით დავფრინავდი.

ქართველი მხატვარი და დიზაინერი რომელიც "Salvatore Ferragamo“-ში მუშაობდა

- პოპულარულ „Salvatore Ferragamo“-ში როგორ მოხვდით?

- „Salvatore Ferragamo“-ში მუშაობის შემოთავაზება მაშინვე მივიღე როცა აკადემია დავამთავრე. მისი მთავარი ოფისი ფლორენციაში მდებარეობს. ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, ამიტომ ფლორენციაში სიამოვნებით გადავბარგდი. იქ მუშაობა მამაკაცის ტანსაცმლის ხაზით დავიწყე. იმ ფირმაში მთავარ დიზაინერებთან ერთად მუშაობა მიწევდა. ვქმნიდი ესკიზებს დავდიოდი ტანისამოსის მოზომვებზე და მათთან ერთად ვესწრებოდი სხვადასხვა ღონისძიებებს. გავიცანი ძალიან საინტერესო ქალბატონი ფრანსა სოზანი (Franca Sozzani) - იტალიური ვოგის დირექტორი.

ქართველი მხატვარი და დიზაინერი რომელიც "Salvatore Ferragamo“-ში მუშაობდა

- „Salvatore Ferragamo“-თვის ილუსტრაციები შექმენით...

- დიახ, ისინი მათ დაბეჭდეს ჩვენების მოსაწვევებზე და ცნობილ პიროვნებებს გაუგზავნეს. ჩემი ოცნება, რომ მემუშავა ცნობილი დიზაინერებთან ამისრულდა. წელიწად ნახევრის შემდეგ ისევ რომში დავბრუნდი და მუშაობა ფეხსაცმელების ცნობილ იტალიურ ფირმაში „Giuseppe Zanotti“-ში დავიწყე. მინდოდა რაღაც ახალი მეცადა, რადგან მამაკაცის მოდა დიდად არ მიტაცებდა. ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, მაგრამ მამას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო საქართველოში დაბრუნება მომიწია. სამომავლო გეგმებში მაქვს, რომ შევქმნა ტანსაცმლისა და აქსესუარების საკუთარი ხაზი და მას მალე განვახორციელებ. ასევე ვმუშაობ ახალ ნამუშევრებზე, რასაც მალე დავასრულებ. აუცილებლად გავაკეთებ პერსონალურ გამოფენას არამარტო თბილისში ასევე ამერიკაშიც. სხვათა შორის, 3 ნოემბერს, „სეუში“ გაიმართება მასშტაბური გამოფენა სახელწოდებით „100 გონება“, რომელშიც მეც ვიღებ მონაწილეობას.

ქართველი მხატვარი და დიზაინერი რომელიც "Salvatore Ferragamo“-ში მუშაობდა

-ნახატებს რომ დავუბრუნდეთ: საკმაოდ თამამი თემები ასევე თამამად გაქვთ წარმოჩენილი და ცხოვრებაში როგორი პიროვნება ხართ?

-ცხოვრებაში ლაღი და ამავე დროს გაწონასწორებული ადამიანი ვარ, მიყვარს სიახლეები, არ ვერიდები შევეხო თამამ თემებს და გამოვხატო ისინი ტილოზე. ჩემი აზრით. მხატვრობაც ზუსტად ესაა - შეგეძლოს თავისუფლად გადმოიტანო ემოცია და გაასაჯაროო. ბევრი წარმატება მქონია კარიერული განვითარების მხრივ, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი გამარჯვება მაინც წინ მაქვს...