თბილისის მერია საახალწლოდ „სანტას კომპლექსს“ ააშენებს

სახლში, რომელიც სადღესასწაულო დეკორაციებით იქნება მორთული, იქნება სანტას ოთახი, სახელოსნო, მინი–კინოდარბაზი და სამზარეულოც კი.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. თბილისში საახალწლოდ „სანტას კომპლექსი“ მოეწყობა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თბილისის მერიამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა – ტენდერის სავარაუდო ღირებულება 258 ათასი ლარია. 

ახალი ნაძვის ხე და დეკორაციები – თბილისი ახალი წლისთვის ემზადება

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, „სანტას კომპლექსის“ კონსტრუქცია ორსართულიანი იქნება, სადაც განთავსდება თოვლის ბაბუის ოთახი, სახელოსნო, კინოჩვენების სივრცე და სანტას სამზარეულო. თავად კომპლექსი კი სხვადასხვა სადღესასწაულო დეკორაციებით იქნება გაფორმებული.

სავარაუდოდ, კომპლექსი მიმდინარე წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 13 იანვრამდე იმოქმედებს.

ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ მსხვილ კომპანიებს დედაქალაქის საახალწლო ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

თბილისის ცენტრში საახალწლო დღესასწაულის დროს ტრადიციულად გაჩნდება „საახალწლო სოფელი“. გასულ წელს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა კონცერტები, კოსტიუმირებული შოუ–წარმოდგენები, საახალწლო ფილმების ჩვენებები და ბაზრობა. ღონისძიებების დიდი ნაწილი  კერძო სექტორის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.