მამუკა ხაზარაძე: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ილია მეორეს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ყველა, ვინც დღეს ეკლესიას ანგრევს და ცდილობს პოლიტიკურ იარაღად აქციოს, ჩვენს ქვეყანას უქმნის საფრთხეს, განუცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „იმედს “.

გუშინ წმინდა სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა. საპატრიარქოს განცხადებით, წმინდა სინოდმა მამა პეტრეს (ცაავა) ჭყონდიდის მიტროპოლიტის წოდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის და თავად სინოდის შეურაცხყოფის გამო ჩამოართვა.

„პატრიარქისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია" – მამა პეტრე (ცაავა) განმარტავს

სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან სკანდალური განცხადება გააკეთა. მან კათოლიკოს-პატრიარქი სოდომური ცოდვების მფარველობაში დაადანაშაულა.

„დავიოკოთ ვნებები და ერთად მოვძებნოთ გამოსავალი. დღეს ამ მდგომარეობიდან მხოლოდ მშვიდი, გონივრული დამოკიდებულება თუ გადაგვარჩენს. ეკლესიამ თავად უნდა გადაწყვიტოს თავის წიაღში არსებული მოვლენები. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ილია მეორეს, მას სიმხნევესა და ჯანმრთელობას ვუსურვებ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, პასუხისმგებლობა კარგად უნდა გაიაზროს ყველამ – ეკლესიის შიგნითაც და მის გარეთაც. წინააღმდეგ შემთხვევაში გეოპოლიტიკური თამაში, ბანალური ანგარება ეკლესიის შიგნით თუ ხელისუფლების აშკარა ჩარევა მისი დაპატრონების მიზნით შესაძლოა შემოუბრუნდეს მთელ ქვეყანას და მის მომავალს.

ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ 12 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო" დააფუძნა და პირობა დადო, რომ მოგვიანებით მას პარტიად გარდაქმნიდა და 2020 წლის არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.