სალხინოში ამბროსი აღმსარებლის სახელობის სკოლის პრორექტორი გადადგა

სკოლა სალხინოში ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, მამა პეტრეს დაარსებულია და იქ ობოლი და შეჭირვებული ოჯახების შვილები სწავლობენ.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. სალხინოში ამბროსი აღმსარებლის სახელობის საგანმანათლებლო სკოლა–გიმნაზიის პრორექტორმა მამუკა დანელიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, იტყობინება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი მარტვილიდან.

როგორც დანელია ამბობს, აღნიშნული სკოლა–პანსიონი ყოფილი მღვდელმთავრის პეტრეს დაარსებულია, ის ამ დრომდე პატრონაჟს უწევდა სკოლას და მამა პეტრეს გარეშე სკოლაში მისი ადგილი არ არის.

სალხინოში ამბროსი აღმსარებლის სახელობის სკოლის პრორექტორი გადადგა
„ეს სკოლა არის სპეციფიკური, აქ სწავლობენ შეჭირვებული, ობოლი ბავშვები. ის აბსოლუტურად უსასყიდლოდ ფუნქციონირებს. აქ ბავშვები იკვებებიან. გუშინ ძალიან ემოციური დღე იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ვაპირებთ გაფიცვას. ეს ასე არ არის. მეუფემ საჭიროდ ჩათვალა დამშვიდობება ბავშვებთან და პედაგოგებთან. მას შემდეგ, რაც მე გავიგე, რომ მეუფე პეტრე არ იქნება ამ სკოლის ხელმძღვანელი, ჩემს თავს მე აქ ვერ ვხედავ", – განაცხადა სკოლა–პანსიონის პრორექტორმა მამუკა დანელიამ.

წმინდა სინოდმა ხუთშაბათს მამა პეტრეს (ცაავა) ჩამოართვა მიტროპოლიტის წოდება, სინოდის წევრობა და მონანიებისთვის მონასტერში გაგზავნა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მამათმავლობის მფარველობაში დასდო ბრალი. მამა პეტრეს განცხადებით, მან სინოდისგან მოწმეების წარდგენისთვის დრო მოითხოვა, თუმცა ამაზე უარი მიიღო.

„პატრიარქისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია" – მამა პეტრე (ცაავა) განმარტავს

სინოდის სკანდალური სხდომის შემდეგ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურებს, მონაზვნებსა და მრევლს შეხვდა და განაცხადა, რომ ეპარქიიდან წასვლას არ აპირებს.

 

ნიკა ლატარია