მაშველების შრომა ამაო აღმოჩნდა – ხობში ავარიაში მოყოლილი მამაკაცი გარდაიცვალა

მედიკოსების შეფასებით, 48 წლის მამაკაცს, რომელიც ოთხშაბათს მოჰყვა ავარიაში, ტრავმული შოკი, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი და პოლიტრამვა აღენიშნებოდა.
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ხობში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ზუგდიდიდან.

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან გუშინ, საღამოს მოხდა. სატვირთო ავტომანქანა, რომელიც ქვა-ღორღით იყო დატვირთული, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა სატვირთოს მძღოლი, რომლის მანქანიდან ამოყვანას მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

ავარია ხობში: დაშავებული მძღოლი მანქანიდან რამდენიმესაათიანი მცდელობის შემდეგ ამოიყვანეს

48 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს ეზოს ტერიტორიაზე, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მანქანაში გარდაიცვალა. მედიკოსების შეფასებით, მას ტრავმული შოკი, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი და პოლიტრამვა აღენიშნებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშარებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

 

ნიკა ლატარია