თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მამა პეტრეს მიერ დღეს გაკეთებული განცხადება შეურაცხმყოფელი იყო მთელი ერისათვის.
ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ უკვე გადაყენებული მღვდელმთავრისგან, არის შეურაცხმყოფელი მთელი ერისთვის და მას ღმერთი განსჯის, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ არც საზოგადოების განსჯა არ უნდა მოაკლდეს მას, განაცხადა პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს განვითარებულ მოვლენებზე.
დღეს, 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის კრება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. მისი თქმით, ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია „პედარასტიისა და მამათმავლობის ცოდვითაა შეპყრობილი".
ბურჯანაძის განცხადებით, დღეს შეურაცხყოფა მიაყენეს არა მარტო პატრიარქს, არამედ თითოეულ მორწმუნეს.
„ამ ადამიანმა თავისი განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა მთელ თაობებს, მთელ მრევლს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავი მართლა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის შვილად მიაჩნია. ასეთი რამის პატიება არის წარმოუდგენელი და მე ვთვლი, რომ ამას სასტიკი, თუმცა სამართლიანი რეაგირება უნდა მოჰყვეს როგორც საზოგადოების, ასევე საპატრიარქოს მხრიდან“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, საპატრიარქომ დააგვიანა რეაგირება ყველაფერ იმაზე, რაც ამ ბოლო პერიოდში ხდებოდა საპატრიარქოში და მის ირგვლივ.