საქართველოში ყალბ 500-ევროიან ბანკნოტებს ასაღებდნენ

დაკავებულებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში ახალი 20-ლარიანის ყალბი ბანკნოტები გამოავლინეს

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა თურქეთიდან 500 ევროს ნომინალის ყალბი ბანკნოტები შემოიტანა, საიდანაც ათი ბანკნოტი თითქმის 10 ათას ლარად საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა. 25 ერთეული ანალოგიური ნომინალის მქონე ბანკნოტი კი მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოიღეს. ჯამში ამოღებულია 17,5 ათასი ევროს ყალბი ბანკნოტები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ყალბი ვალუტის გასაღებას გულისხმობს და სასჯელის სახით შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.