ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ევროპის საბჭოში გაწევრიანების იუბილე ვერცხლის მონეტით აღნიშნა

საკოლექციო მონეტაზე დატანილია საქართველოს რუკა და წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი"
Sputnik

 

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა, რომელიც ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლისა და საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ეძღვნება, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.

1999 წელს, ევროპის საბჭოს შექმნიდან 50 წლის შემდეგ, საქართველო გახდა ამ ორგანიზაციის 41-ე წევრი ქვეყანა.

„საქართველოსთვის ამ, მეტად მნიშვნელოვან, მოვლენას სამუდამოდ დაუკავშირდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სახელი. „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი" - ქართველი პოლიტიკოსის მიერ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარმოთქმული ეს სიტყვები საქართველოს მიერ ევროპული ოჯახის კარის გაღების მთავარ სიმბოლოდ იქცა“- აღნიშნულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

მონეტის ავერსი გაყოფილია სიმეტრიულად ორ თანაბარ ნაწილად, რომელთაც  წრიულად გამოსახული 47 ხელჩაჭიდებული ადამიანის პიქტოგრამა აერთიანებთ, როგორც ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის სიმბოლო. მონეტის მარჯვენა მხარეს გამოსახულია ევროპის საბჭოს 70 წლის საიუბილეო თარიღის აღმნიშვნელი ლოგო, მონეტის მარცხენა მხარეს განთავსებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე წარწერები: „ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები, ჩვენი ევროპა"; "Our Rights, Our Freedoms, Our Europe"; "5 ლარი".

100 წლის იუბილე: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტა გამოუშვა

ავერსის მსგავსად, მონეტის რევერსიც, ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი, რომელთაც, ასევე, წრიულად გამოსახული 47 ხელჩაჭიდებული ადამიანის პიქტოგრამა აერთიანებს, მათგან ერთი წითელი ფერითაა აღნიშნული, რომელიც სიმბოლურად საქართველოს აღნიშნავს. მონეტის მარცხენა მხარეს გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და წარწერები: „საქართველო"; „Georgia"; "20" (საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის აღსანიშნავად); "1999 2019", ხოლო მარჯვენა მხარეს დატანილია საქართველოს რუკა და წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი", "I am Georgian, and therefore I am European".

მონეტა ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა, მისი ღირებულება 95 ლარია.

მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება 1 - ლი ნოემბრიდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ონლაინმაღაზიის საშუალებით.