ქართული ფილმი  „ოსკარზე“: კინოცენტრი მსახიობების ამერიკაში გამგზავრებას დააფინანსებს

ფილმს  „და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით აჩვენებენ –  ჩვენებები 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება
Sputnik

 

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" მთავარი როლების შემსრულებელი ორი მსახიობის - ლევან გელბახიანისა და ბაჩი ვალიშვილის ლოს-ანჯელესში გამგზავრებას დააფინანსებს, ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქართველი მსახიობი ესპანეთის კინოფესტივალზე საუკეთესო გახდა

კინოფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

„საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მიესალმება ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" (შვედურ-ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია) წარდგენას ამერიკული კინოაკადემიის საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში მონაწილეობისთვის და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ერთვება „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიაში", – ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული კინოცენტრი მიიჩნევს, რომ მსახიობების მონაწილეობა  აღნიშნულ კამპანიაში უაღრესად წაადგება ფილმს, მით უმეტეს, რომ ლევან გელბახიანმა უკვე არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელმა. 

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოებერს გამოვა

„ეროვნულმა კინოცენტრმა ერთხელ უკვე გაწია ხარჯი 12,5 ათასი  ლარის ოდენობით მიმდინარე წლის მაისში იმისათვის, რომ შემოქმედებითი ჯგუფის ექვს წევრს (ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი, ქეთი დანელია, ნინო ჯინჭარაძე, ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი) მონაწილეობა მიეღო კანის კინოფესტივალის პროგრამაში „რეჟისორთა ორკვირეული", -აღნიშნულია განცხადებაში.

ფილმს საქართველოს კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით აჩვენებენ – ჩვენებები 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director"s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.  ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

ივლისში ლევან აკინის ფილმი ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა.