თბილისში ნარკოდანაშაულისთვის უცხოეთის მოქალაქეები დააკავეს

დაკავებულებს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული მ.ბ., რომელიც პოლიციამ დიღომში დააკავა.

მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

სამართალდამცველებმა დაკავებული მ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის" 1260 აბი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ამას გარდა, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თამარ მეფის გამზირზე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ა.ჯ. დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 297 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი".

დაკავებულია 72 ნარკომოვაჭრე – შსს-მ ნახევარი წლის ანგარიში წარმოადგინა>>

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.