მსოფლიო დღეს

პუტინმა ინტერნეტით ნარკოტიკების პროპაგანდისთვის სასჯელის დაწესება მოითხოვა

რუსეთის პრეზიდენტის დავალებათა ჩამონათვალში ნათქვამია, რომ აუცილებელია შეიზღუდოს წვდომა ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციაზე ნარკოტიკული ნივთიერებების დამზადების, შეძენისა და მოხმარების თაობაზე.
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა, მიიღონ დამატებითი ზომები ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის აღმოსაფხვრელად, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ნარკოტიკებს ინტერნეტის საშუალებით ასაღებდნენ

პრეზიდენტის დავალებათა ჩამონათვალში ნათქვამია, რომ აუცილებელია შეიზღუდოს წვდომა ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციაზე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი, პოტენციურად სახიფათო ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადების, შეძენისა და მოხმარების თაობაზე.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა მოითხოვა, შემუშავდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღების საკითხი ინტერნეტით აკრძალული ნივთიერებების პროპაგანდის გამო.

ამასთან, ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, გაზარდოს თანამშრომელთა შტატი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის მიზნით, მათ შორის, ინტერნეტით.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მოხსენების წარდგენის ვადა, პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, 2020 წლის 10 იანვრამდეა.