თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში შუალედურ არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და საარჩევნო უბნები დაიხურა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
საქართველოში დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები გაიმართა.
17:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტიურობა ადიგენის რეგიონში იყო - 50.3%. ლაგოდეხის რაიონში - 48.3%, ხოლო მარტვილში - 46.1%.
შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიები ხმის დათვლის პროცესს დაიწყებენ.
შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით დღეს ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა, კერძოდ, საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.
საქართველოს მასშტაბით სულ შვიდი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა.
საკრებულოს დეპუტატის მანდატისთვის ლაგოდეხში იბრძოდნენ მალხაზ მელაშვილი („ევროპული საქართველო - თავისუფლების მოძრაობა"), დავით ბეგლარიშვილი (მოძრაობა „თავისუფალი საქართველოსთვის") და ომარ შველიძე (მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"). ადიგენის საკრებულოს დეპუტატის მანდატისთვის იბრძვის ზურაბ ფეიქრიშვილი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"), ხოლო მარტვილში - რობერტ კაკულია („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო").
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის 42 მლნ ლარს გამოყოფენ >>
ცესკოს ცნობით, არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 5 დამკვირვებელი აკვირდებოდა. საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტებული იყო 15 მედიაორგანიზაციის 221 წარმომადგენელი. არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული იყო დაკვირვების უფლების მქონე 37 წარმომადგენელი.
მთლიანობაში არჩევნები შედარებით მშვიდ ვითარებაში გაიმართა.