თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ზელენა-გურაში 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მეინ-რაუნდის მეორე მატჩი ესპანეთთან ანგარიშით 2:3 წააგო.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში რეკორდი დაამყარა >>
მატჩის დაწყებამდე ესპანეთის ნაკრები ფავორიტად მიიჩნეოდა - მსოფლიო რეიტინგში ის მეორე ადგილს იკავებს. ესპანელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს, მაგრამ ანგარიშის გასახსნელად მათ 13 წუთი დასჭირდათ. ფერნანის გოლი პირველ ტაიმში ერთადერთი გახდა.
შესვენების შემდეგ კამპოსმა ესპანეთის უპირატესობა გააორმაგა და სწორედ ამის შემდეგ ავთანდილ ასათიანის შეგირდები გონს მოეგნენ და ორ წუთში ანგარიში გაათანაბრეს. თავი ჯერ სებისკვერაძემ, შემდეგ თოდუამ გამოიჩინა.
მატჩს ყველა პირობა ჰქონდა იმისათვის, რომ ფრედ დასრულებულიყო, რაც ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია გახდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ფინალურ სასტვენამდე სამი წუთით ადრე ქართველმა მცველებმა უხეში შეცდომა დაუშვეს და ტოლრამ მატჩის საბოლოო ანგარიში დაამყარა - 3:2 ესპანეთის სასარგებლოდ.
ამგვარად, პირველ ჯგუფში მეინ-რაუნდის ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს აქვს სამი ქულა (პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენმა გუნდმა მოუგო პოლონეთს 3:2) და ის კვარტეტში მეორე ადგილს იკავებს. ამავე ქულა აქვს ფინეთს, რომელმაც მოუგო პოლონეთს 2:1, მაგრამ საქართველო ფინეთს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა გიბრალტარს მოუგო >>
დასკვნით ტურში, რომელიც 27 ოქტომბერს ჩატარდება, საქართველოს ნაკრები სწორედ ფინეთს ხვდება. მეორე ადგილის დასაკავებლად და მსოფლიო-2020-ის შესარჩევი რაუნდის ელიტ-რაუნდში კვალიფიკაციის გასავლელად საქართველოსთვის საკმარისია ფრე, რადგან მომდევნო ეტაპზე თითოეული გუნდიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გადადის.
მსოფლიო ჩემპიონატი ფუტსალში 2020 წელს ლიეტუვაში 12 სექტემბერს დაიწყება და 4 ოქტომბერს დასრულდება. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია არგენტინის ნაკრები.