თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. ხადას ხეობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, იუწყება Rustavi 2.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი საგზაო მაგისტრალისა და გვირაბების მშენებლობას აპროტესტებს.
მათი განცხადებით, აღნიშნული პროექტი ადგილობრივების სამოსახლო ტერიტორიების გარდა, საფრთხეს უქმნის ბუნებას და აქ არსებულ არტეფაქტებს.
ისტორიული პროექტი: კობი-გუდაურის გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება >>
აქციის მონაწილეები, ხელისუფლებას დახმარებას და ალტერნატიული გზის გამონახვას სთხოვენ.
„სამუშაოები, როგორც ვიცით, უნდა მოხდეს აფეთქებების გზით, აფეთქებების შემდეგ კი ისტორიულ ძეგლებს ემუქრება დანგრევა, არ არის პროექტში განსაზღვრული ძეგლების დაცვა?“, - აცხადებს ადგილობრივი მოსახლე.
„აქ გზის გაკეთება არის დანაშაული. იმედი მაქვს მთიულეთი გამოვა და ფეხზე დადგება, რათა შეინარჩუნოს საკუთარი მიწა ღირსეულად“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ხადას ხეობაში გამართულ საპროტესტო აქციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამოეხმაურა.
უწყების ინფორმაციით, პროექტი საუკეთესოა და ის არ შეიცვლება.
„გარკვეული ტიპის პროექტირების ეტაპზე იყო პრობლემები, რაზეც გამოითქვა შენიშვნები, რომელიც გათვალისწინებულ იქნა და საბოლოდ ჩვენს მიერ მომზადებული პროექტი არის საუკეთესო პროექტი, რაც კი გაკეთებულა საქართველოში,"-აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძე.
აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხადას ხეობის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მთიულები პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართავენ.
საუბარია ქვეშეთი-კობის გზის პროექტზე. გავრცელებული ინფორმაციით, ხადას ხეობაზე გაივლის შემოვლითი გზა, აშენდება საქართველოს ყველაზე გრძელი გვირაბი (9 კმ) და თაღოვანი ხიდი ხადისწყალის მდინარეზე. პროექტის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1 საათიანი მგზავრობის ნაცვლად აღნიშნული გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი, აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.