თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. ამერიკული კომპანია Conti International LLC-ის წარმომადგენლებმა უარყვეს ინფორმაცია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ, იუწყება პირველი არხი.
ამერიკულმა კომპანიამ ანაკლიის პორტის პროექტიდან წასვლა გადაიფიქრა >>
„კონტი ჯგუფმა“ კონსორციუმიდან გასვლის შესახებ ამა წლის აგვისტოში განაცხადა, რის გამოც კონსორციუმი იძულებული იყო, ახალი პარტნიორის ძებნა დაეწყო. თუმცა გუშინ კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ ამერიკულმა კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალა.
ამ განცხადებაზე საპასუხოდ Conti International LLC-მა გაავრცელა წერილი, რომელშიც განმარტა, რომ კონსორციუმიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება არ შეცვლილა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ „თიბისი ჰოლდინგმა“ და ამერიკულმა „კონტი ჯგუფმა“ დააფუძნეს და ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ამერიკული კომპანია SSA Marine, ბრიტანული Wondernet Expres და ბულგარული G-Star Ltd.
ბოლო მონაცემებით, Anaklia Holding JSC კომპანიის აქციების 4,16% შეიძინა Van Oord International-მა, ჰოლანდიური კომპანიის Van Oord Dredging & Marine Contractors BV შვილობილმა კომპანიამ. კონსორციუმთან მიერთებით დაინტერესებულია ასევე კომპანია Meridian Capital Limited.
გრანდიოზული პროექტი
პორტის მუშაობის დაწყება 2021 წელს არის დაგეგმილი. პორტის განვითარება ცხრა ფაზად განხორციელდება.
პირველი ფაზა გულისხმობს პორტის ამუშავების შემდეგ წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას. ეს არ ნიშნავს, რომ პორტში ამ ოდენობის ტვირთი პირველივე წელიწადს შემოვა, მაგრამ ეს იქნება მაქსიმალური დასაშვები მოცულობა, აცხადებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.
დაგვიანებული „საუკუნის პროექტი", ახალი შანსი და „აბრეშუმის გზის" ქვეყნების მოლოდინები>>
პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისთვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.
პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.