ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ ერთხელ გაზარდა

სამომხმარებლო ფასების ზრდასთან ერთად სესხებიც ძვირდება.
Sputnik

ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მოთოკვის მიზნით კიდევ უფრო გაამკაცრა რეგულაციები. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ბოლო ორ თვეში რეფინანსირების განაკვეთი უკვე მესამედ, ამჟამად ერთბაშად 1%-ით, 8,5%-მდე გაზარდა. ეროვნული ბანკი ამ გზით ცდილობს ბაზარზე ლარის მასა შეამციროს და, შედეგად, ეროვნული ვალუტის კურსმა გაუფასურებას თავი დააღწიოს. სწორედ ლარის გაუფასურება გახდა სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ფასების ზრდას მთავრობის პოლიტიკაც უწყობს ხელს. კერძოდ, აქციზურ საქონელზე აქციზის განაკვეთების მატებას ამ პროდუქციის გაძვირება მოჰყვა.

ინვესტიციების ვარდნა – რეკორდული კლება მეორე კვარტალში

ინფლაციის შედეგი

სექტემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა დაგეგმილ პარამეტრებს. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული „ფისკალური სექტორის მაკროეკონომიკური რისკების ანალიზის“ დოკუმენტის მიხედვით, ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წლიდან 3% უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალობა მნიშვნელოვნად განსხვავებულია.

საქართველოში ფასების საერთო დონე იზრდება – სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მიერ 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია. მსგავსი სურათი 2017 წლის შემდგომ არ ყოფილა.

ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ გამოიწვია. „საქსტატის“ ინფორმაციით, სურსათის ფასები 11%-ით, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში 14.6%-ით, ხოლო ჯანდაცვის ჯგუფში ფასები 4%-ით არის გაზრდილი.

„ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც გამოქვეყნდა, ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ მეორე უბედურება არის პირველადი დანიშნულების საქონელზე ფასის საგანგაშო მატება. საშუალოდ რომ ავიღოთ, სურსათის ნაწილში 11%-ზე მეტია ინფლაციის მაჩვენებელი. მოგეხსენებათ, რაც უფრო ღარიბია ადამიანი, მასზე ინფლაციის მაჩვენებელი მეტ წნეხს ახდენს, რადგან მათ კალათაში ყველაზე მეტია სურსათის წილი.

საბანკო რეგულაციები შესაძლოა გამარტივდეს

ინფლაციაზე ორმა მომენტმა მოახდინა უარყოფითი ზეგავლენა. ერთია სურსათის მასობრივი გაძვირება და აქციზი, მეორე კი ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოქმედებს ასე ძალიან, რომ 70-75%-ით ვარ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა.

ეროვნულმა ბანკმა კატასტროფის მოახლოება იგრძნო და ბოლო პერიოდში გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, ხოლო კომერციული ბანკებისთვის შეამცირა დოლარში სარეზერვო მოთხოვნა. ეს არის ამ ეტაპზე ერთადერთი იმედი, რომელიც გრძელვადიან პერიოდში მაინც იქნება შედეგის მომტანი. მიუხედავად ამისა, სებ-ის ნაბიჯი უკან მიდევნებული ლამპარივითაა“, – განუცხადა გაზეთ „რეზონანსს“ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლადო პაპავა ყურადღებას ამახვილებს ინფლაციის მაჩვენებელზე. პაპავამ გასულ კვირაში განაცხადა, რომ „ეროვნულ ბანკს უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელიც თავისი შეცდომებით ანგრევს ქვეყანას“. მისი თქმით, სებ-ის არასწორი პოლიტიკა ლარის გაუფასურებასაც იწვევს და, შესაბამისად, ინფლაციის ტემპიც მატულობს.

„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მიმართ ჩემი ხსენებული მწვავე შეფასება განაპირობა მათ მიერ გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ – ფულის აგრეგატების ზრდას არ მოჰყვება ინფლაცია და ეს არც ლარის გაუფასურებას გამოიწვევსო. მათი პოზიცია არა მარტო უსუსური, არამედ აღმაშფოთებელიცაა. ამაზე იტყვიან „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“ – NDI-ს ბოლო გამოკითხვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ გამოკითხულთა 34 პროცენტისთვის ინფლაცია არის მთავარი ეკონომიკური პრობლემა, ხოლო გამოკითხულთა 49 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, რაც არის კორელაციაში ლარის გაუფასურებასთან. ყოველივე ეს კი ხდება ეროვნული ბანკის მიერ ფულის აგრეგატების ზრდის კვალობაზე“, – ამბობს ლადო პაპავა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ლარის დღევანდელი გაუფასურების სამომავლო პრობლემები

რას ნიშნავს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა

რეფინანსირების განაკვეთი – ეს არის პროცენტის მოცულობა, რომელსაც კომერციული ბანკები ეროვნული ბანკისგან გამოყოფილი კრედიტებისთვის იხდიან.  შესაბამისად, რაც უფრო მაღალია რეფინანსირების განაკვეთი, მით მეტს უხდის კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს, შედეგად კი სესხი უძვირდება საბოლოო მომხმარებელს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად სესხი 102 700 მომხმარებელს გაუძვირდა.

რეფინანსირების განაკვეთის აწევის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ოპტიმიზმის შენარჩუნებას ცდილობს: 

„პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება“.

ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის რამდენიმე მიმართულება

საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ უწყება მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 11 დეკემბერს ჩატარდება. ასწევს თუ არა რეფინანსირების განაკვეთს კიდევ ერთხელ ეროვნული ბანკი, ამ დღეს გახდება ცნობილი, თუ მანამდე მას ამისთვის ისევ რიგგარეშე სხდომის ჩატარება არ მოუწია, როგორც ეს 25 სექტემბერს მოხდა.

თემურ იოსელიანი