„კობიზმი“ მხატვრობაში - მხატვარი რომლის გამოფენაზეც სპეციალური სათვალით უნდა მიხვიდეთ

Sputnik

გიორგი კობი - პროფესიონალი მხატვარი, როგორც ყველა ხელოვანს მასაც აქვს სურვილი, რომ მხატვრობაში საკუთარ ხელწერას და სტილს მიაგნოს და ვფიქრობთ, მოახერხა კიდეც....

აქამდე ბევრ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ახლა ემზადება პერსონალური გამოფენისთვის, რომელზეც ქართველი საზოგადოების წინაშე პირველად წარადგენს საკუთარ ნახატებს.

ამ ფაქტში თითქოს განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ საქმე ისაა, რომ მისი ზოგიერთი ნახატის დასანახად სპეციალური სათვალე იქნება საჭირო. ამგვარ, „ტრიდე“ ნახატებს (და არა „ტრიდე“ სტილში შესრულებულს, რაც სრულიად განსხვავებული თემაა), მხატვარი გამოფენაზე პირველად წარადგენს.

„კობიზმი“ მხატვრობაში - მხატვარი რომლის გამოფენაზეც სპეციალური სათვალით უნდა მიხვიდეთ

- გიორგი, დღეს ბევრი პროფესიონალი და თვითნასწავლი მხატვარია და ყურადღება რომ მიიქციო, სხვებისგან განსხვავებული რამის შექმნაა საჭირო...

- განსხვავებულის შექმნა ბუნებრივად უნდა მოხდეს, ეს შინაგანად უნდა მოდიოდეს. თუკი ამ საქმისადმი დაინტერესება გაქვს, ყოველთვის გექნება მცდელობა სხვებისგან განსხვავებული შექმნა, ხელოვნებასა და საკუთარ ნამუშევრებში სიახლე შეიტანო. მე უფრო ფიგურატიული, შინაარსობრივი ნამუშევრები მომწონს. სილამაზეზე ნაკლებად მაქვს  გათვლა. თუმცა ისიც ბუნებრივია, ნამუშევარმა რომ მიგიზიდოს და თვალში მოხვდეს, იქ სტილი და სილამაზეც საჭიროა. მე შესაძლოა სულ სხვა შინაარსი ჩავდო ნახატში, მნახველმა კი მასში სულ სხვა რამ დაინახოს. ეს ბუნებრივია...

„კობიზმი“ მხატვრობაში - მხატვარი რომლის გამოფენაზეც სპეციალური სათვალით უნდა მიხვიდეთ

- აკადემიური განათლება გაქვთ მიღებული...

- დიახ, მე ჯერ ნიკოლაძის სასწავლებელი დავამთავრე, მერე სამხატვრო აკადემია და ბაკალავრიატი, ბოლოს მაგისტრატურა. გამოფენება ბევრი მქონდა, ოღონდ ძირითადად სხვა მხატვრებთან ერთად ჯგუფურში ვიღებდი მონაწილეობას. პერსონალურისგან ჯერ თავს ვიკავებ რადგან მინდა, რომ უფრო კარგი და განსხვავებული ნამუშევრები შევქმნა.

„კობიზმი“ მხატვრობაში - მხატვარი რომლის გამოფენაზეც სპეციალური სათვალით უნდა მიხვიდეთ

- ვიცი, რაღაც უჩვეულოს გვიმზადებთ...

- ყველაზე უჩვეულო ნახატის ხატვა დაახლოებით ნახევარი წლის წინ დავიწყე, ისეთ მიმდინარეობაში, როგორიცაა, „ტრიდე“. ოღონდ ეს არ არის ის, რაც უკვე ყველამ იცის. იმისთვის, რომ მსგავსი ნახატები დაინახოთ, საჭიროა სპეციალური სათვალით შეხედოთ. წითელი და ლურჯი შეფერილობის სათვალეს ვგულისხმობ. ისევე როგორც მსგავსი ფილმების ყურების დროს. ჯერჯერობით ამ სტილის მხოლოდ სამი ნამუშევარი მაქვს. 

„კობიზმი“ მხატვრობაში - მხატვარი რომლის გამოფენაზეც სპეციალური სათვალით უნდა მიხვიდეთ

- ანუ როცა დამთვალიერებელი მოვა თქვენს გამოფენაზე მას ამ სპეციალურ სათვალესაც დაახვედრებთ? 

- დიახ, მასეა. მსგავსი რამ ჩვენთან ჯერჯერობით არ ყოფილა, ეს პირველი იქნება. ინტერნეტშიც ყველგან ვეძებე და მსგავსი ტიპის ნამუშევარი ვერსად ვნახე. ასე რომ, ვთვლი, რომ ეს ნამდვილად ჩემია!

„კობიზმი“ მხატვრობაში - მხატვარი რომლის გამოფენაზეც სპეციალური სათვალით უნდა მიხვიდეთ

- მაინტერესებს, ასეთ ნამუშევარს იგივე სათვალის გამოყენებით დახატავთ?

- რათქმაუნდა, იგივე სათვალით ვხატავ, აბა, სხვაგვარად არ გამოვა...

- რადგან ამბობთ, რომ პირველი ხართ, შესაბამისად ამ მიმდინარეობას სახელიც თქვენ უნდა შეურჩიოთ, ასეა?

- ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ჯერჯერობით სახელი ვერ მოვუფიქრე.

„კობიზმი“ მხატვრობაში - მხატვარი რომლის გამოფენაზეც სპეციალური სათვალით უნდა მიხვიდეთ

- სხვათა შორის, მე გამიჩნდა იდეა: არსებობს მიმდინარეობა, რომელსაც კუბიზმი ჰქვია, რადგან კობიაშვილი ხართ გვარად, თქვენს შემთხვევაში შეგიძლიათ კობიზმი დაარქვათ...

-კობიზმი?- მართლა კარგი იდეაა, მშვენიერია! სხვათა შორის ეგ აზრი არც მომსვლია! -მადლობა. ეს სტილი მართლა სიახლეა და საინტერესოდ მიმაჩნია.  როცა ნახატები დაგროვდება, მერე ვაპირებ ისეთი პერსონალური გამოფენა გავმართო, სადაც მხოლოდ ამ სტილის ნამუშევრები იქნება.. ვფიქრობ, ასეთი ნახატებს მოუხდება უფრო დიდი სივრცე, გალერეა, სადაც ყველა დამთვალიერებელი სათვალეს მოირგებს და ისე იმოძრავებს.

„კობიზმი“ მხატვრობაში - მხატვარი რომლის გამოფენაზეც სპეციალური სათვალით უნდა მიხვიდეთ

- რეალურ სამყაროსაც  „ტრიდეთი“ აღიქვამთ?

-- არა, სამყაროს ისეთს აღვიქვამ როგორიცაა, მაგრამ ყოფილა შემთხვევა როდესაც დამინახავს რაიმე ობიექტი და მიფიქრია, რომ მისი „სამი დე“ ვერსია საინტერესოდ ჩაჯდებოდა ჩემს ნამუშევრებში.

„კობიზმი“ მხატვრობაში - მხატვარი რომლის გამოფენაზეც სპეციალური სათვალით უნდა მიხვიდეთ

- როგორია სამყარო, რომელსაც მხოლოდ თქვენი „სათვალით“ ხედავთ?

- ყველა ადამიანს თავისი სამყარო აქვს და ალბათ ამ სამყაროს ყველა ინდივიდი თვითონ ქმნის. ასევე მისივე შექმნილია ის კომფორტული ზონა, სადაც თავს ბედნიერად და მშვიდად აღიქვამს. პირადად ჩემთვის ასეთი კომფორტული ზონა იქაა, სადაც საყვარელ საქმეს ვაკეთებ...