მერიიდან შსს-ში: დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

გიორგი ბაგრატიონმა მერიაში თანამდებობა საკუთარი სურვილით დღეს დატოვა
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი ბაგრატიონი დაინიშნა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი ბაგრატიონი შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.

„გიორგი ბაგრატიონი არის პრინციპული ადამიანი, პროფესიონალი და კარგი მენეჯერი. ვფიქრობ, ის კარგად გაართმევს თავს ამ სამსახურს. ბევრი კარგი რამ გაკეთდა, ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია და ეს აუცილებლად გაგრძელდება,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე.

ვახტანგ გომელაური შსს-ში უმნიშვნელო ცვლილებებს აანონსებს

ბაგრატიონმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიგა ნიკოლეიშვილი შეცვალა, რომელიც დაცვის პოლიციას ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

„დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ჩემთვის არის ახალი გამოწვევა. ამ დეპარტამენტში მომუშავე 12 ათასი ადამიანი იცავს საქართველოს მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებს. დიდი მადლობა მინდა ბატონ მინისტრს გადავუხადო ამ ნდობის გამოცხადებისთვის და დღეიდან მზად ვარ, რომ განვახორციელო და განვაგრძო ის მიმართულებები და ცვლილებები, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ დეპარტამენტში განხორციელდა," - განაცხადა ბაგრატიონმა.

გიორგი ბაგრატიონი ამ დრომდე ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო. მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დღეს დატოვა. აღნიშნულის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. ინსპექციის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობას, დროებით, ბაგრატიონის მოადგილე მამუკა ჯაყელი შეასრულებს.

2016-2017 წლებში გიორგი ბაგრატიონი სამგორის რაიონის გამგებელი იყო, 2015-2016 წლებში კი თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2014-2015 წლებში გიორგი ბაგრატიონს შპს „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2004 წლიდან 2014 წლამდე ის კერძო სექტორში, სხვადასხვა კომერციული ორგანიზაციაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა, 2003-2005 წლებში კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დანაყოფებში საქმიანობდა.