თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. სეულში, კორეის კინოარქივში (Korean Film Archive) 22 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა ქართული კინოს დღეები, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ქართული კინემატოგრაფის დღეები სეულში პირველად იმართება. ის 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
1974 წელს დაარსებულ კინოარქივში კორეელი მაყურებლისთვის აჩვენებენ ცნობილი ქართველი რეჟისორების ხუთ ფილმს: გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი", ლევან თუთბერიძის „მოირა", რუსუდან გლურჯიძის „სხვების სახლი", მარიამ ხაჭვანის „დედე" და ანა ურუშაძის „საშიში დედა".
ფილმები ნაჩვენები იქნება ქართულად კორეული სუბტიტრებით.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გახსნის ცერემონიაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა. დიპლომატმა კორეულ მხარეს ღონისძიების ორგანიზებაში თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე კულტურისა და ხელოვნების სფეროში.
უტა ბერიას „უარყოფით რიცხვებს" საფრანგეთსა და იტალიაში უჩვენებენ>>
ქართული კინოს დღეები სეულში მიმდინარეობს სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს, კორეის კინოარქივის ორგანიზებითა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.