გურჯაანი ყველისა და კულინარიის ფესტივალს უმასპინძლებს

ორგანიზატორები გვპირდებიან უამრავი სახეობის ყველს, ღვინოს, მასტერ-კლასებს, მუსიკასა და გართობას
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. გურჯაანი ამ შემოდგომაზე რეგიონში პირველ ყველისა და კულინარიის ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც ახტალის პარკში 26 ოქტომბერს გაიმართება.

ფესტივალი გურმანებისთვის წარმოადგენს არა მხოლოდ ყველის ნაირსახეობებს, არამედ კერძებს, რომლებშიც ყველი მთავარი ინგრედიენტია.

სამეგრელოში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება>>

საქართველოში ამჟამად ოფიციალურად ყველის 14 სახეობაა დარეგისტრირებული. ამასთან, ყველის მწარმოებლები მუდმივად გვთავაზობენ ახალ, უჩვეულო გამოგონებებს.

ქართულმა ყველმა პორტალ Food Insider-ის ყურადღება მიიპყრო

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება აგროპროდუქციის გამოფენა და მასტერ-კლასები ყველისგან კერძების მომზადებაში, რომელსაც როგორც ქართველი, ისე უცხოელი შეფ-მზარეულები გაუძღვებიან. ფესტივალის პროგრამაშია კონკურსები ჩურჩხელისა და ხინკლის მომზადებაში. ყველის ფესტივალზე გამოყოფილი იქნება სახელგანთქმული კახური ღვინის კუთხე.

საჭმელ-სასმელის გარდა, ორგანიზატორებმა სტუმრების გართობაზეც იფიქრეს. მოეწყობა ვიქტორინები წამახალისებელი პრიზებით, სპორტული შეჯიბრებები. ბავშვებმა რომ არ მოიწყინონ, მათთვის გაიმართება სპეციალური კულინარიული კონკურსები და საპნის ბუშტების შოუ.

„ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ადგილობრივი ეთნო-ანსამბლები, მოწვეული მომღერლები და დიჯეი", - ნათქვამია ღონისძიების ანონსში.

მთავარი სიურპრიზი ფესტივალის სტუმრებს ღონისძიების ბოლოს ელოდება. ორგანიზატორების ჩანაფიქრით, კულინარიული „ოსკარის" Bocuse d"Or ეროვნული შესარჩევი ტურის ფინალისტები „გემრიელ შოუს" მოაწყობენ.