ნინოწმინდაში „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი გარდაიცვალა

სავარაუდოდ, საქმე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას ეხება.
Sputnik

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქუთაისში 30 წლამდე მამაკაცი დენის დარტყმით გარდაიცვალა

ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა სოფელ განძაში მოხდა. გარდაცვლილი ქვესადგურის ოსტატი და საკმაოდ გამოცდილი თანამშრომელი იყო. მომხდარის მიზეზების დასადგენად „ენერგო პრო ჯორჯიაში“ შიდა გამოძიებას ატარებენ. სავარაუდოდ, საქმე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას ეხება.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას,  რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.